6 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის საქართველოში განხორციელების გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ქვეყანა საინვესტიციო რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი ხდება, - ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა პრემიერ მინისტრის აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმება, საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირების შესახებ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ასეთი მასშტაბის უცხოური პირდაპირი ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა.
მისივე განცხადებით, ეს არის არამხოლოდ ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი რიცხვებში გამოხატული ხელშეწყობა, რაც ეკონომიკურ ზრდას მისცემს სტიმულს, არამედ მას მნიშვნელოვანი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, 6 მილიარდიანი ინვესტირების გადაწყვეტილება ისეთმა კომპანიამ მიიღო, რომლის საინვესტიციო პოლიტიკას ძალიან ბევრი დეველოპერი, საერთაშორისოდ წარმატებული კომპანია თვალს ადევნებს და მის გადაწყვეტილებას მიჰყვება.
“ამას, რა თქმა უნდა, განაპირობებს ჩვენთან შექმნილი ხელსაყრელი, სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესის კეთების გარემო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო ამ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების მოტივატორი, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით მაღალ დონეზეა ორმხრივი თანამშრომლობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ტურიზმის მიმართულებითაც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური მთავრობისა და თავად პრეზიდენტის უშუალო ჩართულობა იყო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კომპანიას აღნიშნული საინვესტიციო გადაწყვეტილება მიეღო.
“პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ კერძო ინვესტიცია. ამ შემთხვევაში, აბუ-დაბის მთავრობაც აქტიურად იქნება წარმოდგენილი, როგორც ინვესტორი.
ამ ინვესტიციით, ვფიქრობ, ახალ ეტაპზე გადადის, ზოგადად, ამ ქვეყანასთან ორმხრივი თანამშრომლობა, ჩვენ ამისთვის ბევრი სამუშაო გავწიეთ. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო საქართველო, რომელმაც ე.წ ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას მიაღწია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან - ეს შეთანხმება ოფიციალურად ძალაში შევიდა გასულ წელს, ამის ერთ-ერთი გაგრძელებაა ესეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება საქართველოში, რომელიც არის ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მხოლოდ დასაწყისი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.