ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის ისტორიული დღეა – აეროპორტი, წლის ჭრილში, პირველად მოემსახურა მემილიონე მგზავრს, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, წლის ბოლომდე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მილიონ 200 ათასამდე მგზავრს მიიღებს.
„ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის დღეს ისტორიული დღეა – აეროპორტი, წლის ჭრილში, პირველად მოემსახურა მემილიონე მგზავრს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წელს, აეროპორტის ოპერატორმა კომპანია TAV Georgia-მ უპრეცედენტო მასშტაბის ღონისძიებები განახორციელა: რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, გაფართოვდა ბაქანი, იგეგმება სამუშაოების ჩატარება სამგზავრო ტერმინალში. წლის განმავლობაში ველოდებით, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მილიონ 200 ათასამდე მგზავრს მივიღებთ და მოვემსახურებით, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ტურისტული ნაკადების მოზიდვასთან დაკავშირებით ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან, რათა მიმზიდველი გავხადოთ საქართველოს ყველა აეროპორტი, მივიღოთ მეტი ტურისტი, მეტ კმაყოფილ მგზავრს მოვემსახუროთ და მაქსიმალურად გავზარდოთ ეს მაჩვენებელი“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პირველად, წლის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრს უმასპინძლა. მათივე ცნობით, ეს უპრეცედენტო ფაქტია ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტის არსებობის ისტორიაში. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მემილიონე მგზავრი, გერმანიის მოქალაქე მიჰალ ნატოვიჩი გახდა, რომელიც საქართველოში ტურისტული ვიზიტით, შვილებთან ერთად იმყოფებოდა. სამშობლოში ის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საზეიმო ღონისძიებითა და სიმბოლური საჩუქრებით გააცილეს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტში 2025 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის ზრდამ 32% შეადგინა. მათივე ცნობით, მგზავრთა რაოდენობის ზრდა უპრეცედენტო იყო აგვისტოში, როდესაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ერთი თვის ჭრილში პირველად მოემსახურა 200 000-ზე მეტ მგზავრს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ 2025 წელი ისტორიული იქნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის მგზავრთნაკადის კუთხით. წინასწარი პროგნოზით, წლის ბოლომდე ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი ყველა დროის რეკორდს მოხსნის და მილიონ 200 ათასს მიაღწევს.