მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურორი - კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული და დადგა შესაბამისი გადაწყვეტილება

მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურორი - კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული და დადგა შესაბამისი გადაწყვეტილება

2 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი პოლიტიკა
პოსტი ნახა: 133

სასამართლომ განმარტა და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას. შესაბამისად, რაზე ვსაუბრობთ? კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული და დადგა შესაბამისი გადაწყვეტილება, - ასე აფასებს პროკურორი მარი მეშველიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 8 თვით პატიმრობა მიესაჯა და ამავდროულად, 2 წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

პროკურორის თქმით, მტკიცებულებები ბრალდებულის დანაშაულს ადასტურებდა.

„მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ წარმოადგინა ის მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდნენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედების ჩადენას. სასამართლომ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებები, მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომლის თანახმად, წარდგენილ ბრალდებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

რაც შეეხება უშუალოდ სასჯელს, ეს სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხია და სასამართლომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩათვალა, რომ 8 თვე თავისუფლების აღკვეთა იყო ის სასჯელი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა, შესაბამისად, სასჯელთან დაკავშირებით ჩვენ ამ კუთხით, ვერ მოგახსენებთ“, - განაცხადა მარი მეშველიანმა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიაზე მეორედაც არის დაბარებული. როგორც პროკურორი განმარტავს, მოცემულ შემთხვევაში, თუ დადგინდება კონკრეტული პირის მხრიდან სსკ-ით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, აღნიშნულს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

„არსებობს დანაშაულთა ჩადენის ეპიზოდები. ამ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ კონკრეტულად სხვა სხდომაზე აქვს ასევე ადგილი მისი მხრიდან გამოუცხადებლობას და ეს გამოუცხადებლობა არ გამომდინარეობს რაიმე ობიექტური მიზეზით, დაიწყება გამოძიება. თუ დადგინდება კონკრეტული პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენა, რა თქმა უნდა, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი ქმედება“, - განაცხადა მარი მეშველიანმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე