ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.
“დამწუხრებული ვარ საქართველოს ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან ახლოს რუსი ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქის მიმართ განხორციელებული სასიკვდილო სროლით. ვუსამძიმრებ ოჯახს და საქართველოს ხელისუფლებას. ვითხოვ მეორე გატაცებულის გათავისუფლებას“, - წერს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი სოციალურ ქსელში.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
კერძოდ, სუს-ის ინფორმაციის თანახმად, "2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე".
შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.