მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან გამოასვენეს.
მას ქოშიგორას მონასტერში დაკრძალავენ.
სასულიერო პირის ხსოვნას პატივი მიაგეს საზოგადოების სხვადასხვა წევრებმა, მრევლმა.
როგორც მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასულიერო პირს მისსავე დაარსებულ ტაძარში დაკრძალავენ.
„გამორჩეული მღვდელმთავარი ბრძანდებოდა, აფხაზეთიდან. დღეს მოვედით აქ, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრები, რათა მას პატივი მივაგოთ. მას დავასაფლავებთ იმ მონასტერში, რომელიც მის მიერ არის დაარსებული“,- განაცხადა მეუფე გერასიმემ.
მეუფე სერაფიმე 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, მიტროპოლიტი სერაფიმე დაიბადა 1961 წლის 15 თებერვალს ქალაქ სოხუმში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1991-1992 წლებში თამაზ ჯოჯუა იმყოფებოდა მარტყოფის მამათა მონასტერში მორჩილებაში. 1992 წლის 28 აგვისტოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულზე ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა დანიელმა (დათუაშვილი) მორჩილი აკაკი ვარძიაში ბერად აღკვეცა და წმინდა სერაფიმ საროველის პატივსაცემად უწოდა სახელი სერაფიმე და დაადგინა ფოკას მამათა მონასტრის წინამძღვრად, ოქტომბრის თვეში ფოკას მონასტერში აკურთხა ბერ-დიაკვნად. 1992 წლის 26 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბერ-დიაკონი სერაფიმე სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელ-მონაზვნად აკურთხა. 2002 წლის 17 ნოემბრამდე მეუფე სერაფიმე ხელმძღვანელობდა ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიას, ხოლო ამის შემდეგ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას.