„მოსახლეობის აღწერა არ ჩატარებულა, ლამის ყოველი მეორე ამბობს, რომ მასთან არავინ მისულა - აღწერის შედეგი აბსურდულია” - გოცირიძე

„მოსახლეობის აღწერა არ ჩატარებულა, ლამის ყოველი მეორე ამბობს, რომ მასთან არავინ მისულა - აღწერის შედეგი აბსურდულია” - გოცირიძე

3 საათის წინ
პოსტი ნახა: 143

„საქართველოში მოსახლეობის აღწერა არ ჩატარებულა. ლამის ყოველი მეორე ამბობს, რომ მასთან არავინ მისულა. უბრალოდ, დაწერეს, რაც უნდოდათ. რეალურად, არ ვიცით რამდენია ქვეყნის მოსახლეობა. თავად შედეგი არის აბსურდული“, - წერს ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

„ბიზნესპრესნიუსი“ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის პოსტს მცირე შესწორებებით გთავაზობთ:

„საქართველოში მოსახლეობის აღწერა არ ჩატარებულა. ლამის ყოველი მეორე ამბობს, რომ მასთან არავინ მისულა. ბევრმა კარები არ გაუღო, პროტესტის ნიშნად. წინა აღწერასთან შედარებით, მოსახლეობა 200 ათასით გაიზარდა. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ისინიც რომ დამატებოდნენ, ვისაც მონაწილეობა არ მიუღია, ზრდა კიდევ უფრო მეტი იქნებოდა. სინამდვილეში ეს ასე არ არის. უბრალოდ, დაწერეს რაც უნდოდათ. რეალურად არ ვიცით რამდენია ქვეყნის მოსახლეობა. თავად შედეგი არის აბსურდული.

ამ აღწერით, ათ წელიწადში მოსახლეობა გაიზარდა 200 ათასი კაცი. ამავე პერიოდში, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების რიცხოვნება შემცირდა დაახლოებით 250 ათასი ადამიანით ემიგრაციის და ბუნებრივი კლების გამო. საიდან გაჩნდა მაშინ დამატებითი 450 ათასი ადამიანი? ესენი უნდა იყვნენ მიგრანტები, უცხოეთის მოქალაქეები. თუ ეს ასეა, კატასტროფაა. სინამდვილეში, მიგრაციის ოფიციალური სტატისტიკით მიგრანტების ეს რაოდენობა არ ფიქსირდება. მათი რიცხვი 230 ათასია. ასეთ აბსურდულ ვითარებასთან გვაქვს საქმე.

თვალში ნაცრის შეყრა “ქართული ოცნების” ჩვეული წესია. სტატისკის სახელმწიფო სამსახური, რომელიც შემჩნეულია ხელისუფლებისათვის სასარგებლო ინფორმაციების გამოცხობაში, სათანადო კრიტიკის მიღმაა.

ამ შემთხვევაში საუბარი არაა იმაზე, ვის აწყობდა აღწერის შედეგების გაყალბება. მოსახლეობის ზრდა ხელისუფლებამ შეიძლება, ერთი მხრივ, პროპაგანდისტულად გამოიყენოს, მეორე მხრივ, მისი ზრდა ერთ სულზე მთლიან შიდა პროდუქტს ამცირებს, რაც ხელისუფლებისათვის არაა სასურველი.

ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს არაპროფესიონალიზმთან და არა - პოლიტიკური მიზნით მანიპულაციასთან. ცუდი ისიცაა, რომ მოსახლეობის აღწერის პროცესში, გარდა მოქალაქეების რაოდენობისა, სხვა, მეტად მნიშვნელოვანი სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება ხდებოდა. საუბედუროდ, ისიც გაყალბებულია.

სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურმა ამაზე პასუხი უნდა აგოს“, - წერს რომან გოცირიძე.

 
 


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე