ისრაელის ოპერაციამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურას - "დარტყმა მიაყენა ირანული საფრთხის გულს". ირანის საჰაერო თავდაცვა დროებით პარალიზებული იყო, დაზიანდა ბირთვული ობიექტები, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში" კი გაჩნდა არასტაბილურობის ნიშნები. თუმცა ამ ნაბიჯის რეალური დატვირთვა გაცილებით ღრმაა - ისრაელმა საერთაშორისო წესრიგს პირდაპირი გამოწვევა გამოუცხადა. ისრაელის მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადებით: "ოპერაცია მრავალი წლის განმავლობაში იგეგმებოდა და წარმოადგენს არასტანდარტული აზროვნების, ინტელექტის, ტექნოლოგიური უპირატესობისა და ირანის ტერიტორიაზე წინასწარ დაგეგმილი მოქმედებების ერთობლიობას, რომელიც ნათელ სიგნალს უგზავნის ირანსა და რეგიონულ მოწინააღმდეგეებს - ისრაელი არ დაუშვებს იმ იარაღის განვითარებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის არსებობას". სწორედ ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები მხოლოდ სამხედრო ოპერაცია არ ყოფილა. ეს უფრო პოლიტიკური მანიფესტი, ძალაუფლებისა და წესრიგის ახალი თამაშის გამოცხადება იყო.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ახლა უკვე ისრაელის ქმედებამ აჩვენა, რომ გლობალური ინსტიტუციური წესრიგი თანდათან კარგავს გავლენას და ისრაელმა იმოქმედა იმპულსით, რომელიც მარტივად შეიძლება ასე გადმოვთარგმნოთ - თუ გლობალური წესები აღარ მუშაობს, თავად ვქმნით ახალ რეალობას. წესრიგის რღვევის ფონზე საერთაშორისო არენაზე იწყება ძალაუფლების გადანაწილების ახალი ეტაპი, რომელიც აღარ ეფუძნება მხოლოდ ღირებულებებსა და დეკლარაციებს - მთავარი ხდება სტრატეგიული ინტერესების გათვლა და ძალთა ახალი ჯგუფების ფორმირება. ირანზე ისრაელის დარტყმებმა არა მხოლოდ რეგიონის შიდა ბალანსი დაარღვია, არამედ გლობალური მოთამაშეებიც არჩევანის წინაშე დააყენა - როგორ უპასუხონ ცალმხრივ სამხედრო მოქმედებას, რომელიც, ერთი მხრივ, არღვევს საერთაშორისო პრინციპებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ემთხვევა მათ შიდაუსაფრთხოების ან ენერგეტიკულ ინტერესებს.
ამ ახალ წესებზე მოლაპარაკება პირველად სტრატეგიულად გადაჯაჭვულ სამ სახელმწიფოს - აშშ-ს, ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის დაიწყო. მათი ურთიერთობები ბოლო წლებში კომპლექსურად განვითარდა - კონფლიქტებით, შეთანხმებებით და საერთო მტრის (ირანის) გამო ეტაპობრივი დაახლოებით. ოფიციალური ვაშინგტონი ორ ფრონტზე მოქმედებს. ერთი მხრივ, ცდილობს არ დაკარგოს თავისი ყველაზე ახლო ახლოაღმოსავლელი პარტნიორი, ისრაელი, რომელმაც კონსულტაციების გარეშე იმოქმედა, მაგრამ მაინც დასავლურ ბლოკში რჩება. მეორე მხრივ კი, ვაშინგტონი ფრთხილობს, რათა რეგიონი სრულმასშტაბიან კონფლიქტში არ ჩაეფლოს, რაც საფრთხეს შეუქმნიდა არა მხოლოდ სამხედრო ბაზებსა და ეკონომიკურ ინტერესებს, არამედ იმ ენერგეტიკულ სტაბილურობასაც, რომელიც ინფლაციის გაკონტროლებისთვის აუცილებელია და უშუალოდ აშშ-შიც დღეს მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას იწვევს.
საუდის არაბეთი ამ სცენარში ფრთხილი სტრატეგიით მოქმედებს. ოფიციალურად ის ყველა მხარეს დეესკალაციისკენ მოუწოდებს, თუმცა ირანის დასუსტება მის გრძელვადიან უსაფრთხოებისა და გავლენის დღის წესრიგს სრულად ემთხვევა - განსაკუთრებით მაშინ, როცა თეირანი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა საუდის არაბეთის გავლენას იემენში, ბაჰრეინსა და სხვა შიიტურ რეგიონებში. ამდენად, საუდის არაბეთი ერთდროულად ინარჩუნებს იმიჯს რეგიონულ არაბულ სამყაროში და დე ფაქტო მხარს უჭერს სიტუაციის ისე განვითარებას, რომელიც ირანის პროქსი-ძალის შესუსტებას უწყობს ხელს.
შეიძლება ითქვას, ამ სამეულის - აშშ-ის, ისრაელისა და საუდის არაბეთის ინტერესთა გადაკვეთა ქმნის ერთგვარ ტრაექტორიას, რომელიც, მიუხედავად გარეგნული უთანხმოებებისა, მართულია ძალის რეალპოლიტიკური ლოგიკით. მათ სურთ ირანის შეკავება.
უნდა ითქვას ისიც, რომ ისრაელის სამხედრო ქმედებამ ევროკავშირი მორიგი დილემის წინაშე დააყენა, თუ როგორ შეინარჩუნოს პრინციპულობა საერთაშორისო სამართლის დაცვაში და იმავდროულად, არ გასცდეს ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ზღვარს, რომელსაც, დიდი ალბათობით, კონფლიქტის ესკალაცია მოჰყვება.
ევროპის რეაქცია იყო ერთდროულად სწრაფიც და თავშეკავებულიც. ზოგიერთმა სახელმწიფომ, როგორიცაა საფრანგეთი ან გერმანია, საჯაროდ დაგმო ცალმხრივი სამხედრო მოქმედება, სხვა ქვეყნები კი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი, მეტ სიმპათიას გამოხატავდნენ ისრაელის "თავდაცვითი ლოგიკის" მიმართ. ამ უთანხმოებებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ევროკავშირი ერთიანი საგარეო პოლიტიკის სუბიექტად ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროკავშირი დიდწილად ხელმძღვანელობს გადარჩენის ინსტინქტით - რეგიონული ომის დაწყებამ შესაძლოა გამოიწვიოს ახალი მიგრაციული ტალღები, ენერგეტიკული ფასების მორიგი ზრდა და შიდა სოციალური მღელვარება. სწორედ ამიტომ ბრიუსელის მთავარი მოტივაციაა დეესკალაციის პროცესის მხარდაჭერა, ოღონდ ისე, რომ არც ისრაელი გაანაწყენოს, არც ირანი მოიცილოს მთლიანად და არც ამერიკასთან გაიფუჭოს ურთიერთობა.
მეორე მხრივ, ისრაელის ქმედებამ შესაძლოა გარკვეული ბერკეტი მისცეს რუსეთსა და ჩინეთს, რომლებიც უკვე წლებია ცდილობენ გლობალური წესრიგის გადაწერას მათ სასარგებლოდ. ირანზე თავდასხმამ ახალი შესაძლებლობები გაუხსნა ორივე სახელმწიფოს - გაძლიერება რეგიონში ისე, რომ პირდაპირ ომში ჩართვამ არ მოუწიოთ. მოსკოვმა და პეკინმა შესაძლოა გამოიყენონ ირანის იზოლაცია, რათა ქვეყანა უფრო მჭიდროდ დააკავშირონ საკუთარ ეკონომიკურ და უსაფრთხოების ორბიტებს. რუსეთს უკრაინაში ომის გამო სურს შექმნას მეორე სტრატეგიული ყურადღების ცენტრი, რომელიც გადატვირთავს დასავლეთის რესურსებსა და მედიაფოკუსს - ანუ დასავლეთმა ერთდროულად "მიხედოს" კიევსა და თეირანს. ეს რუსეთისთვის დასუსტებული წესრიგის გამოყენებაა ძალის პოზიციური თამაშისთვის. ჩინეთი კი, მიუხედავად მშვიდობისმყოფელი როლისა, რეალურად იმავე თამაშშია ჩართული, თუმცა განსხვავებული მეთოდებით. პეკინი საკუთარ "მშვიდობის ინიციატივას" აღვივებს რეგიონში... იმავდროულად, ირანის იზოლაცია ჩინეთს ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს - გაიაფებულად და პირდაპირ შეიძინოს რეგიონული ლოიალურობა, განსაკუთრებით ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის გზით. თეირანი, რომელიც საგარეო სავაჭრო პარტნიორებს კარგავს დასავლეთთან დაძაბულობის გამო თითქმის იძულებულია ჩინეთისკენ გადახაროს თავისი ეკონომიკური წონასწორობა. შედეგად, რუსეთ-ჩინეთის დუეტი მოქმედებს ისე, თითქოს დასავლეთის შექმნილი წესრიგის პარალელურად აშენებენ ახალ სივრცეს, სადაც წესები მათთვის არის დაწერილი, და ირანი მორიგი გასაღებია რეგიონში ამერიკული და ევროპული გავლენის შესასუსტებლად.
საერთო ჯამში, ბოლო დღეების პროცესები ნათლად აჩვენებს, რომ საერთაშორისო წესრიგი, რომელიც სახელმწიფოთა ქცევის სამართლებრივი შეზღუდვით იყო განსაზღვრული, თანდათანობით იცვლება. დღეს უფრო აქტუალური ხდება კითხვა, შეუძლია თუ არა წესზე დაფუძნებულ საერთაშორისო არქიტექტურას რეალურად შეაკავოს სახელმწიფოები, თუ სიტუაცია ძალის საშუალებით იმართება? ისრაელის გადაწყვეტილება სწორედ ამგვარი ძალის დემონსტრაცია იყო - მან მიანიშნა, რომ რეგიონული უსაფრთხოება აღარ არის კოლექტიური გადაწყვეტილებების საკითხი, არამედ ერთპიროვნული გადარჩენის ინსტინქტზე დაფუძნებული რეაქციაა.
ცხადია, ამას თავისი განვითარება ექნება და ირანმა უკვე დაიწყო საპასუხო დარტყმები, თუმცა არა იმ ძალის და შედეგის, რაც ისრაელმა შეძლო. სწორედ ამიტომ ირანი, სავარაუდოდ, არჩევანის წინაშეა - დაბრუნდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან უკვე შესუსტებული პოზიციით, მაგრამ სამომავლოდ გააძლიეროს ბირთვული პროგრამა და შექმნას თავისი უსაფრთხოების ინდივიდუალური გარანტიები, ან გამოიყენოს თავისი რეგიონული პროქსი-ქსელები სამხედრო შურის საძიებლად. მთავარი ის არის, რომ ყველა ეს მიმართულება ზრდის გლობალური ესკალაციის რისკს.
"არც რუსეთი და არც უკრაინა არ შეწყვეტენ ომს იმის გამო, რომ ისრაელი და ირანი ერთმანეთს დარტყმებს აყენებენ"
რა ელოდება მსოფლიოსა და საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგს, ამ საკითხზე ანალიტიკოსებს, ზურა ბატიაშვილსა და ბიძინა ლებანიძეს ვესაუბრებით.
ზურა ბატიაშვილი: - ჩვენს რეგიონში რეალურად დაიწყო ომი, რომელიც ადვილად და მალე ვერ დასრულდება. ისრაელს მიაჩნია, რომ ირანი ძალიან ახლოსაა ბირთვული იარაღის შექმნასთან და დასწრებაზეა. ირანის ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზანი ისრაელის განადგურებაა. ამას ისრაელი საფრთხედ აღიქვამს და ამიტომ გადავიდა ვითარების გამწვავებაზე - შეტევა 13 ივნისს, ღამის 3 საათზე დაიწყო. მიზანში ამოღებული ჰქონდათ სამხედრო ობიექტები, რადიოლოკაციური სადგურები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ატომური ბომბის შექმნაზე მომუშავე მეცნიერები, ასევე სამხედრო ლიდერები, აეროდრომები და ა.შ., რასაც საღამოს ირანის საპასუხო თავდასხმაც მოჰყვა. თუმცა ისრაელის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია. ჩვენ არ ვიცით, პასუხის პასუხის პასუხი როგორი იქნება და რა მოჰყვება, ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, ისრაელი ამის შემდეგ უფრო მკაცრი იქნება და როგორც ჰქონდა გაცხადებული, იმ შემთხვევაში, თუ ირანი მიიტანს იერიშს ისრაელზე, მაშინ მან შეიძლება დაბომბოს ბუნებრივი აირისა და ნავთობის გადამმუშავებელი ქარხნები და ინფრასტრუქტურა ირანში. ეს კი მტკივნეულ დარტყმას მიაყენებს ირანის ეკონომიკას. მაგალითად,
ირანის ელექტროენერგიის 2/3 გაზის გადამუშავების შედეგია და თუ დაიბომბა, ჩათვალეთ, რომ ირანს აღარ ექნება ელექტროენერგია რამდენიმე დღეში. ისევე, როგორც ნავთობიდან მიღებული შემოსავალია ირანისთვის მაცოცხლებელი არტერია და ისიც თუ აფეთქდა და უცხოეთში ვერაფერი გაიტანა, შემოსავალიც აღარ ექნება.
თან, არ დაგვავიწყდეს, უმძიმესი სანქციების ქვეშ უწევს ქვეყანას ცხოვრება.
- პოლიტიკური თვალსაზრისით რა სცენარების განვითარებაა მოსალოდნელი?
- ამ ომის შედეგად ახალი მოკავშირეები და ახალი მტრები არ გაჩნდებიან. ისრაელის მთავარი მოკავშირე იყო, არის და იქნება აშშ, ირანის - რუსეთი. რუსეთი ჯერ განცხადებებით შემოიფარგლება. აშშ ჯერ განცხადებების დონეზეც არ არის და იმ შემთხვევაში, თუ ირანი ისრაელს შეუტევს, ვფიქრობ, ჩაერევა თავდაცვის საკითხებში.
- რუსეთი მხოლოდ განცხადებების დონეზე რატომაა? რესურსი არა აქვს თუ არ აწყობს, ირანს სხვა სახის დახმარებაც გაუწიოს?
- თავის დროზე ირანს მიაწოდა საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც ახლა არაფერში გამოდგება, რადგან ძველი რუსული სამხედრო ტექნიკაა. მეტი რა შეიძლება მიაწოდოს ირანს, როცა, პირიქით, ირანი აწვდიდა. ახლა რუსეთს, როდესაც თვითონ არის ჩაფლული უკრაინასთან ომში და შეიარაღებას ჩრდილოეთ კორეიდან იღებს, ირანისთვის გასანაწილებელი იარაღი არა მგონია, ჰქონდეს.
- ეს ვითარება რუსეთ-უკრაინის ომზე რა გავლენას მოახდენს?
- უპირველესად იმას, რომ პუტინი იმედოვნებდა, რომ ირანის დაყოლიებას რაღაცებზე სავაჭროდ გამოიყენებდა აშშ-სთან უკრაინის თემაში გასაცვლელად, რაც უკვე გამოირიცხა. იმ სიტუაციაში, რაც ახლა შეიქმნა რეგიონში, ირანს ნაკლები დრო და რესურსი ექნება იმისათვის, რომ რუსეთს მიაწოდოს, ვთქვათ, "შაჰიდები" და ა.შ.
- რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივაზე ეს რა გავლენას მოახდენს?
- არაფერს. ომი მიმდინარეობს და არ შეჩერდება. არც რუსეთი და არც უკრაინა არ შეწყვეტენ ომს იმის გამო, რომ ისრაელი და ირანი ერთმანეთს დარტყმებს აყენებენ. უკრაინის მიზანი თავის გადარჩენაა, რუსეთის - უკრაინის განადგურება და ეს მიზნები არ შეიცვლება.
- მსოფლიო უსაფრთხოების პერსპექტივა როგორია?
- მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს, მოშლილია და ამის შედეგია სწორედ ის, რასაც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ვხედავთ. როგორი იქნება ახალი წესრიგი, არავინ იცის, მაგრამ ეს წესრიგი რომ ინგრევა, ცხადია. ვიდრე არ გაიმარჯვებს ერთი მხარე, ეს ქაოსი გაგრძელდება. ხვალ-ზეგ შეიძლება დედამიწის სხვა კუთხეში გაჩაღდეს კონფლიქტები.
"ჩვენ შევდივართ მულტიპოლარულ სამყაროში, სადაც არ არსებობს ერთი დომინანტი ძალა"
ბიძინა ლებანიძე: - ადრე თუ გვიან, ასეთი ესკალაცია მოსალოდნელი იყო. უბრალოდ, ისრაელმა მომენტი შეარჩია ანუ ამ თავდასხმას რამდენიმე განზომილება აქვს - ერთი, რომ გეოპოლიტიკურად და უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია - მან უნდა შეაჩეროს ირანის ბირთვული პროგრამა. თუმცა, რა თქმა უნდა, ერთი თავდასხმა არ ეყოფა. ხელუხლებელი დარჩა ურანის გამდიდრების ადგილები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ისრაელმა შეარჩია ისეთი მომენტი, როდესაც ირანი უფრო დასუსტებულია, მისი მოკავშირეებიც - "ჰეზბოლა", "ჰამასი", ანუ რეგიონში პროქსი-აქტორები დასუსტებული არიან. ასევე გასათვალისწინებელია სირიაში ასადის ჩამოგდების ამბავიც. სამხედრო და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ირანი დღეს გაცილებით დასუსტებულია, ვიდრე თუნდაც შარშან. მესამე - გასათვალისწინებელია ისრაელის შიდა პოლიტიკაც, ნეთანიაჰუს ფიგურა, რომელიც "ჰამასის" წინააღმდეგ არაპოპულარულ ომს აწარმოებს ღაზაში, რის გამოც საერთაშორისო თანამეგობრობაში ძალიან არაპოპულარულია, ირანზე თავდასხმით კი მან მოახერხა ყურადღების გადატანა უფრო ფართომასშტაბიან პრობლემაზე, მათ შორის, მისი მოკავშირეების ყურადღების გადატანაც. ის ქვეყანაშიც და მის გარეთაც დიდი ზეწოლის ქვეშაა "ჰამასთან" ომის გამო, მაგრამ ირანთან ფართომასშტაბიანი დაპირისპირება უკვე სხვა საკითხია. ამ მხრივ, ალბათ, უფრო მოახერხებს მოკავშირეების გულის მოგებას და მათ შემობრუნებას. ასევე ეცდება ქვეყანაში მდგომარეობა გააკონტროლოს. შესაძლოა სხვა ფაქტორებიც იყოს, რაც დაემთხვა ერთმანეთს, და შესაბამისად, ეს სპეცოპერაცია ჩაატარეს.
რაც შეეხება გლობალურ უსაფრთხოებას, ძნელია თქმა, საბოლოოდ რა გავლენა ექნება. მაგალითად, ჩვენს რეგიონში შეიძლება რაღაც დადებითი ეფექტიც ჰქონდეს, მაგრამ, ალბათ, უფრო მეტად უარყოფითი იქნება. ნავთობის ფასები, სავარაუდოდ, გაიზრდება. რუსეთი ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ იყო, რადგან შემცირებული იყო ნავთობის ფასები, პლუს სანქციების, ეკონომიკური პრობლემებისა და ომის დაფინანსების გამო, ბიუჯეტში სერიოზული გარღვევები ჰქონდა და ნავთობის ფასების ზრდა სულზე მიუსწრებს მის ეკონომიკას.
მეორე მხრივ, რუსეთს და ირანს სამხედრო თანამშრომლობა კი აქვთ და რუსეთი ირანულ დრონებს იყენებს, მაგრამ რამდენად ნეგატიურად აისახება ეს შეტევა ამ ასპექტზე, რთული სათქმელია, რადგან რუსეთმა მოახერხა და ტექნოლოგიების დიდი ნაწილი უკვე შიდა პროდუქციაში გადაიტანა. რუსეთის სამხედრო ინდუსტრია ირანში აწყობილ დრონებზე დამოკიდებული არ არის...
რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, რუსეთი და ირანი მოკავშირეები არიან და ირანის დასუსტება ამ კავშირსაც დაასუსტებს, მაგრამ, მეორე მხრივ, პუტინი იყენებდა ირანთან მოლაპარაკების კარტს და იმას, რომ შეეძლო ირანის ხელისუფლებაზე გავლენა მოეხდინა ამერიკასთან ურთიერთობაში. შესაძლოა ამ კარტის გამოყენება კიდევ ერთხელ სცადოს, მაგალითად, მე დაგეხმარებით ირანთან მოლაპარაკებაში და სანაცვლოდ დათმობებზე წამოდით უკრაინასთანო. ალბათ, ამასაც შეეცდება, მაგრამ ტრამპი ამას რამდენად იყიდის, არ ვიცი.
თუკი ირანსა და ისრაელს შორის ეს კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა, ამით გადაიქაჩება პირველ რიგში ამერიკისა და სხვა დასავლელი პარტნიორების ფოკუსი ახლო აღმოსავლეთზე. მაგალითად, ზელენსკიმ უკვე თქვა, ანტიშაჰიდურ დრონებს ველოდებოდი ამერიკისგანო, და აღმოჩნდა, რომ ამ დრონების დიდ ნაწილს გადაამისამართებენ ისრაელზე ირანული დრონების მასიური თავდასხმისგან დასაცავად. ანუ სამხედრო და პოლიტიკური ყურადღების ნაწილი ახლო აღმოსავლეთზე გადავა, მაგრამ პირდაპირი კავშირი უკრაინაში ომის დასრულებასა და ამ ომის გააქტიურებასთან ჯერჯერობით არ არის.
- დღეს ასეთი რეალობაა: არის რუსეთ-უკრაინის ომი, და ისრაელ-ირანის მწვავე დაპირისპირება. ეს მოცემულობა მსოფლიო უსაფრთხოებას როგორ ცვლის?
- თუ ამას გრძელვადიანი პრიზმიდან შევხედავთ, ეს ემთხვევა დასავლეთის და მათ შორის, ამერიკის დომინაციის შესუსტებას. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩვენ შევდივართ მულტიპოლარულ სამყაროში, სადაც არ არსებობს ერთი დომინანტი ძალა, რომელსაც შეუძლია მეტ-ნაკლებად უზრუნველყოს წესრიგი მსოფლიოში. ასეთ პერიოდებს ახლავს მეტი არასტაბილურობა, მეტი ომი, მეტი კატაკლიზმა და ა.შ. ირან-ისრაელის ომიც, პრინციპში, მოულოდნელი არ ყოფილა და შეიძლება ჩავთვალოთ, როგორც ისრაელის პრევენციული თავდასხმა ირანზე.
ისრაელი ცდილობს არ დაუშვას, რომ ირანმა შექმნას ატომური იარაღი და შეარჩია დრო, როდესაც ირანი ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, ალბათ, ყველაზე დასუსტებულია და, ფაქტობრივად, არანაირი თავდაცვის საშუალება არა აქვს თავდასხმების საწინააღმდეგოდ.
კიდევ ერთი მიზანი, ეს არის ირანის რეჟიმის შესუსტება და რეჟიმის საპროტესტო ძალებისთვის მუხტის მიცემა. რთული სათქმელია, ეს გამოვა თუ არა, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებში ესეც აქტიურად განიხილება. ირანის რეჟიმი თავის მოსახლეობას დიდ ყურადღებას არ აქცევს, როგორც წესი, არ იცავს თავდასხმებისგან. ამის გამოყენება შეიძლება იმისთვის, რომ ირანის მოსახლეობას აჩვენოს, მათი რეჟიმი მათზე არანაირად არ ზრუნავს და მხოლოდ წნეხს აძლიერებს. ამის ინდიკატორი, რომ ირანის ხელისუფლებაც ზუსტად ამას ფიქრობს, ის იყო, რომ მაგალითად, ირანის ბევრ რეგიონში ინტერნეტი და კომუნიკაციები გაითიშა. თუმცა ესეც სპეკულაციის დონეზეა. ფაქტია, ბოლო წლებში ირანში იყო ანტირეჟიმული გამოსვლები, მაგრამ ეს ესკალაცია ამ წინააღმდეგობას გააძლიერებს თუ არა, ძნელი სათქმელია. შესაძლოა, პირიქით, ირანის მოსახლეობა გააერთიანოს ისრაელის წინააღმდეგ, რომელიც გარე მტრად აღიქმება.
- ამ ყველაფრის ფონზე, საერთაშორისო წესრიგი როგორ შეიძლება შეიცვალოს?
- რუსეთის მიზანი ყოველთვის ის იყო, რომ ეღიარებინათ ერთ-ერთ ზესახელმწიფოდ. რუსები ფიქრობენ, რომ მათ სჭირდებათ შესაბამისი გავლენის სფერო ირგვლივ, რომელშიც მოიაზრებენ უკრაინას, კავკასიას, შუა აზიას და მათ შორის, აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებსაც, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებს. თუ გამოუვათ, რატომაც არა. მიაჩნიათ, რომ ერთი ცენტრი ვაშინგტონი, მეორე - ბრიუსელი, მესამე - მოსკოვი. სხვათა შორის, ეს პუტინს არ დაუწყია. თუ გადავხედავთ რუსეთის სტრატეგიულ დოკუმენტებს და რუსი პოლიტიკოსების ნარატივებს, ზუსტად იგივე დერჟავული მენტალიტეტი ჰქონდათ და აქვთ, რომ ჩვენ დიდი ძალა ვართ და უნდა გვაღიარონ. პუტინმა ამ იდეას ფრთები შეასხა...
ამერიკასაც სურს საკუთარი პოზიციების შენარჩუნება, როგორც ერთადერთი ზესახელმწიფოსი. შესაძლოა დღეს ერთადერთი ზესახელმწიფო აღარაა, მაგრამ ყველანაირი პარამეტრით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აქტორია, მაგრამ ეს იცვლება. პირველ რიგში ამერიკის კონკურენტია ჩინეთი და არა რუსეთი. ამერიკელებს ჩინეთზე აქვთ სწორება და მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომისა, რუსეთს არ აღიქვამენ გრძელვადიან მთავარ კონკურენტად. მთავარი კონკურენტი მათთვის ჩინეთია და ამიტომ დაიწყო სრულმასშტაბიანი გადართვა აზიაზე, რომელიც ობამას პერიოდში გააქტიურდა და მას მერე გრძელდება. მათ უნდათ შეაკავონ ჩინეთი, რათა არ გახდეს ზესახელმწიფო და ამერიკამ შეინარჩუნოს პირველობა. დანარჩენ ქვეყნებს არ უყურებენ ასე. მათი გადასახედიდან რუსეთიც კი ქმნის პრობლემებს, მაგრამ რუსეთთან დაათბობენ ურთიერთობას, თუ ეს დააბალანსებს ჩინეთს.
ევროპას რაც შეეხება, დღეს ის რეალურად დაქუცმაცებულია, შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით არ არის ერთიანი აქტორი და ეს პრობლემაა. ლიდერშიპის პრობლემაც არის. ევროპული ელიტები დიდხანს ფიქრობდნენ, რომ გეოპოლიტიკური კონკურენციის დრო წავიდა, მსოფლიო მშვიდობამ დაისადგურა. ბოლო 25 წლის განმავლობაში ევროპა ილუზიებში ცხოვრობდა და ახლა ეს მოცემულობა იცვლება. რამდენად მოახერხებენ ჩამოყალიბებას ალტერნატიულ ძალად, 5-6 წლის შემდეგ გამოჩნდება. დღეს ფაქტია, დასავლური ალიანსი დასუსტებულია და ისეთი ერთიანი, როგორიც იყო, ვთქვათ, "ცივი ომის" დროს, აღარ იქნება და ევროპას მოუწევს მარტოს თავის გატანა. ამას ევროპელები კი ხვდებიან, მაგრამ რამდენად ეყოფათ პოლიტიკური ნება და რესურსები, ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ აქტორად, ვნახავთ. ყოველ შემთხვევაში, რაღაცები მოახერხეს - ამერიკის დახმარება ნაწილობრივ მაინც ჩაანაცვლეს, ამერიკას არ მისცეს საშუალება, რუსეთთან დათბობისთვის მიეღწია უკრაინის დათმობის ხარჯზე. მაგრამ სრულფასოვნად ჩამოყალიბდებიან თუ არა გეოპოლიტიკურ აქტორად, რომელიც კონკურენციას გაუწევს ამერიკას, რუსეთსა და ჩინეთს, ეს გამოჩნდება.
თუ შევაჯამებთ, ფაქტია, რაღაც ლაგდება. "ცივი ომის" შემდეგ იყო უნიპოლარული სისტემა, როდესაც ამერიკის უპირატესობა ბევრად დიდი იყო. ამ სისტემამ ზენიტს მიაღწია ბუშის მმართველობის დროს, 2000-იანი წლების დამდეგს, შემდეგ კი წამოვიდა დაბლა, ერაყსა და ავღანეთში შეჭრის შემდეგ. ამერიკის გავლენა შესუსტდა, გაიზარდა ჩინეთის და სხვებმაც წამოყვეს თავი. დღეს გარდამავალი პერიოდია ამერიკის ჰეგემონიიდან რაღაც უფრო მრავალპოლუსიანისკენ, მინიმუმ ორპოლუსიანზე ჩინეთთან ერთად, ოღონდ ამერიკა ცდილობს ამის შეჩერებას. რა თქმა უნდა, ეს გარდაუვალი და შეუქცევადი არ არის და შესაძლოა ამერიკამ ისევ მოახერხოს დროებით ჰეგემონიის შენარჩუნება.
- ევროპას ნატოს იმედი ისევ აქვს? თუ ნატო აღარ აღიქმება გარანტად, მაშინ რა ან ვინ ჩაანაცვლებს ამ მექანიზმს?
- რამდენიმე დღის წინ გერმანიის თავდაცვის მინისტრს ჰკითხეს, ტრამპი არის თუ არა ისევ პროდასავლელი ლოიალური პრეზიდენტი და რამდენად შეიძლება მასზე დაყრდნობაო, და მან უპასუხა, ერთ დღეს არის, მეორე დღეს არაო. ანუ არ არიან დარწმუნებული, რომ თუ რუსეთი შეიჭრება ან ე.წ. მწვანე კაცუნებით ჩაატარებს ოპერაციას, მაგალითად, ლიტვაში ან ლატვიაში, ამერიკა ნატოს მეხუთე მუხლის მიხედვით სამხედრო დაპირისპირებაში ჩაერთვება რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ არიან ასეთ სტრესულ მდგომარეობაში და ცდილობენ სწრაფად შეიარაღდნენ. ბოლო 20-30 წელი ძალიან ღრმად ეძინათ და ევროპის სამხედრო ინფრასტრუქტურა ძალიან მოშვებულია, რომლის ფორმაში მოყვანას, მინიმუმ, რამდენიმე წელი დასჭირდება. მაგალითად, გერმანია თავდაცვის ბიუჯეტს 3%-მდე ზრდის, ლაპარაკია 5%-მდე გაზრდაზეც, რაც ციფრებში რომ ავიღოთ, ძალიან დიდია. მაგალითად, თავდაცვის ბიუჯეტის 3.5%-მდე გაზრდაც კი გერმანიას მესამე სამხედრო ძალად გადააქცევს, მაგრამ ერთია ციფრები და მეორე რეალობა...