კვირას, 13 აპრილს, 89 წლის ასაკში, გარდაიცვალა ესპანურენოვანი პერუელი მწერალი, ესეისტი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, ნობელის პრემიის 2010 წლის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, მარიო ვარგას ლიოსა. მისი ოჯახის მიერ „იქს“ პლატფორმაზე (ყოფილი „ტვიტერი“) გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიოსა პერუს დედაქალაქში მას შემდეგ ცხოვრობდა, რაც რამდენიმე თვის წინ საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოშორდა.
„ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ, რომ დღეს ლიმაში, მშვიდად, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა ჩვენი მამა, მარიო ვარგას ლიოსა“, - ადგილობრივი დროით 19:23 საათზე ეს შეტყობინება გამოაქვეყნა მწერლის უფროსმა ვაჟმა, ალვარომ. ამ განცხადებას ასევე ხელს აწერენ მისი და, მორგანა და ძმა, გონსალო.
ავტორის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბოლო თვეებში არაერთი ჭორი გავრცელდა.
„ის 90 წლის ასაკის მიჯნაზე იმყოფება, როდესაც მისთვის აუცილებელია, თავისი აქტივობების ინტენსივობა ცოტათი მაინც შეამციროს“,- აღნიშნა გასული წლის ოქტომბერში ალვარომ, რომელმაც მაშინ მამის ჯანმრთელობის შესახებ დეტალების განხილვას თავი აარიდა.
პერუს საშუალო ფენის ოჯახში დაბადებული მარიო ვარგას ლიოსა XX საუკუნის 60-70-იან წლებში ლათინური ამერიკის ლიტერატურული ბუმის ერთ-ერთი უდიდესი პროტაგონისტი იყო, გაბრიელ გარსია მარკესთან (კოლუმბია) და ხულიო კორტასართან (არგენტინა) ერთად.