„ოპოზიციის წარმომადგენლების საპარლამენტო კომისიაში დაბარება და მათი დაპატიმრება პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმის გამო სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, – აცხადებს საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ი.
ორგანიზაციის შეფასებით, სერიოზული შეშფოთება უკავშირდება საქართველოში „მთავრობის კრიტიკოსების გასაჩუმებლად საკანონმდებლო, საპოლიციო და სხვა უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებას“.
უფლებადამცველი ორგანიზაცია გამოყოფს ბოლოს დაკავებული პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის საქმეს და წერს:
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს სასტიკი თავდასხმა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე, უნდა შეწყვიტოს მომიტინგეებისა და პოლიტიკური აქტივისტების მიზანში ამოღება… და გაათავისუფლოს გივი თარგამაძე და ოპოზიციის კიდევ ექვსი წევრი, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში ციხეში ჩასვეს“, – წერია განცხადებაში.
„ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ისეთი პრაქტიკა, რომელიც არღვევს საქართველოს საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს. ხელისუფლებამ უნდა დაიცვას და უზრუნველყოს ქვეყანაში ყველას ადამიანის უფლებები“, – აცხადებს Amnesty International-ი.
28 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ჰყავს რვა პოლიტიკოსი, რომლებსაც „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა მიესაჯათ ან წინასწარ პატიმრობაში არიან და დღე-დღეზე ელიან განაჩენის გამოცხადებას.
ნიკა მელია – მას დღეს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
გიორგი ვაშაძე – მას შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს; იგი 24 ივნისს დააპატიმრეს.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – მიუსაჯეს რვა-რვა თვით პატიმრობა; ისინი 23 ივნისს დააპატიმრეს.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – მიუსაჯეს შვიდი თვით პატიმრობა. ის 22 მაისს დააკავეს მას შემდეგ, რაც გირაოს თანხა არ გადაიხადა.
ყველა მათგანს ორი წლით აუკრძალეს თანამდებობის დაკავება.
ამავე მუხლით დაკავებულნი არიან ნიკა გვარამია და ირაკლი ოქრუაშვილი. მათი განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუცხადებია.
დანიის, ლიეტუვის, ლატვიისა და ნიდერლანდების საგარეო უწყებები გმობენ პოლიტიკოსების დაპატიმრებას.
წყარო: რადიო თავისუფლება