პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას 2 ივლისამდე აძლევს ვადას, იმისათვის, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდეს.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, 2 ივლისი არის უკიდურესი ვადა, იმისთვის, რომ გახარია გამოცხადდეს სხდომაზე.
„ჩვენ, გადავამოწმეთ ორწუთიანი შესვენების დროს და არც საშვთა ბიუროში არ არის ცნობა იმის თაობაზე, რომ ბატონმა გიორგი გახარიამ შეასრულა კომისიის კანონიერი მოთხოვნა, რომ დღეს, 12:00 საათზე გამოცხადებულიყო სხდომაზე. მე მინდა პროცედურა შევახსენო ყველას, ჩვენ, ბატონ გიორგის გავუგზავნეთ შეტყობინება სხვადასხვა საშუალებით. ეს იყო, რა თქმა უნდა, სატელეფონო კონტაქტი, საფოსტო მომსახურება. და სამ შემთხვევაში მივიღეთ დადასტურება იმისა, რომ მან იცოდა, რომ დღეს, 12:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო და ეს იცოდა მაშინ, როცა იმყოფებოდა საქართველოში. პირველი, ეს გახლდათ მასთან გაგზავნილი სატელეფონო შეტყობინება, რომ ის იყო ხელმეორედ დაბარებული, რომლის საპასუხოდაც მან თავის წარმომადგენელს, ასისტენტს დაარეკვინა ჩვენი სამდივნოს წარმომადგენელთან. წარმომადგენელმა გაკვირვება გამოხატა, რატომ გახდა საჭირო მეორედ მისი დაბარება. ეს ადასტურებს იმას, რომ ბატონი გიორგი გაეცნო იმ ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც მას გაეგზავნა. ახსნილი იქნა ის საკითხები, ჩორჩანის ეპიზოდი, საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოებული საქმიანობა და მისი როლი 2012-2025 წლებში, რომ ეს თემები იყო განსახილველი. ამის შემდეგ ჩვენ უკვე წერილობითი შეტყობინება, საფოსტო, ოფიციალური, კომისიის სახელით - როცა ჩვენ ვიმსჯელებთ ხოლმე და მივიღებთ გადაწყვეტილებას სამუშაო შეხვედრაზე, იცით, რომ ეს გადაწყვეტილება იღებს კომისიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი წერილის ფორმას და ეგზავნება ყველა პირს, ეს გამონაკლისი არ დაგვიშვია აქამდე და ყოველთვის ჩემი ხელმოწერით იგზავნებოდა წერილი, როცა იგზავნებოდა. ასეა, ამ შემთხვევაშიც, წერილი გაიგზავნა რეგისტრაციის მისამართზე. რეგისტრაციის მისამართზე „ფელდეგერს“ დახვდა ბატონი გიორგის მშობელი, რომელმაც ხელი მოაწერა საბუთს, რომ ის იღებდა პასუხისმგებლობას მისთვის ეცნობებინა წერილის შინაარსის შესახებ და გადაეცა ეს წერილი. ამის შემდეგ უკვე 16 ივნისს, თბილისში, წავკისში პირადად ბატონმა გიორგი გახარიამ თავისი ხელმოწერის ქვეშ ჩაიბარა შეტყობინება, რომ დღეს 23 ივნისს, 12:00 საათზე უნდა ყოფილიყო ჩვენთან ერთად. მას, ამ დროს, როგორც ამას ადასტურებს „ფელდეგერის“ მიერ შედგენილი ოქმი, არავითარი მინიშნებაც კი არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ ის ან ვერ მოვიდოდა, ან არ მოვიდოდა, ქვეყნიდან გამგზავრებას აპირებდა. პირიქით, როგორც „ფელდეგერი“ გვიამბობს, სამდივნოს უთხრა, ძალიან კულტურულად, ზრდილობიანად, თანამშრომლობით განწყობაზე მყოფმა ეს წერილი ჩაიბარა და ხელი მოაწერა. ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში, რეალურად, ორი დღის წინ, იგივე წარმომადგენელი უკავშირდება სამდივნოს და ეუბნება, რომ გიორგი გახარიამ ქვეყანა დატოვა და რომ ის, შესაბამისად, ვერ გამოცხადდება ორშაბათს და ითხოვს, რომ მოხდეს მისი ჩართვა. თავიდან მოთხოვნა, თხოვნა, თუ შუამდგომლობა იყო ასეთი, რომ 23 ივნისს ვერ ჩაერთვება, მაგრამ მომდევნო რომელიმე დღეს ჩაერთვება, იმიტომ, რომ ის არაერთი კვირის მანძილზე არ აპირებს ქვეყანაში დაბრუნებას. ცოტა ხანში მოთხოვნა შეიცვალა და იყო, რომ ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას კომისიასთან და 23 ივნისს, დათქმულ დროს, რადგან ვერ მოდის, ამიტომ ჩაერთვება, ანუ 12:00 საათზე. მის შესახებ ჩვენ ვიმსჯელეთ კომისიის წევრებმა და ისევ ჩემი ხელმოწერით მას გაეგზავნა პასუხი იმ წერილზე, რომელიც ამასობაში, ოფიციალურადაც შემოიტანეს, რომ 23 ივნისს, ჩაგვრთეთ 12:00 საათზე და გაეგზავნა პასუხი კომისიის სახელით, რომ ეს არ იყო დაკმაყოფილებული და დღეს ის ფიზიკურად უნდა გამოცხადებულიყო 12:00 საათზე. ახლა 12:30 საათია და ის ისევ არ არის მობრძანებული“, - განაცხადა წულუკიანმა.