პარლამენტმა ცვლილებები, რომლითაც ტელე და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები შემოდის, საბოლოო მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ცვლილებები, რომლითაც ტელე და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები შემოდის, საბოლოო მოსმენით მიიღო

01-04-2025 15:14
კატეგორიები: პოლიტიკა

პარლამენტმა, პლენარული სხდომის ფორმატში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის ამოქმედების შედეგად, ტელე და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები, მოთხოვნები და სტანდარტები შემოდის, მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

აღნიშნული კანონის პროექტი 85-ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.

“ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონის პროექტით წესრიგდება ფაქტის ჯეროვან სიზუსტესთან და პასუხის უფლებასთან, სამართლიანობასა და მიუკერძოებლობასთან, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვებასთან და გადაცემასთან, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქებასთან, ასევე არასრულწლოვანი პირის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, თვითრეგულირების მექანიზმებთან ერთად, მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილება სახელმწიფო ორგანოს - კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ექნება. კანონის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს საჩივრით პირდაპირ კომუნიკაციების კომისიისთვის მიმართვის შესაძლებლობა ეძლევა. დარღვევის დადგენის შემთხვევაში კი, კომისია უფლებამოსილი იქნება მაუწყებელს მიმართ შემდეგი სანქციები - გაფრთხილება, ჯარიმა და გარკვეულ შემთხვევებში, - ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება გამოიყენოს.

კანონით დადგენილი წესები და რეგულაციები მაუწყებელთა ონლაინ და სოციალურ გვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზეც გავრცელდება.

ამასთან, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონს გარდამავალი ნორმა დაემატა, რომლის მიხედვით, მაუწყებლის მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების 2025 წლის 1-ელ ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში, მარეგულირებელი კომისიის მიერ დაწესებული სანქციები აღსასრულებლად არ მიექცევა.

პოსტი ნახა: 192


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე