საქართველოს-პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა ევრობასკეტზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მიერ მიღწეული წარმატებისთვის, პრემიის სახით, 3 მილიონ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 3 მილიონი ლარი გამოიყოფა ყოველი მომდევნო მოგებული თამაშისთვისაც.
„გამომდინარე იქიდან, რომ კალათბურთში გვაქვს ისტორიული შედეგი, მინდა ეს შედეგი აღვნიშნოთ მთავრობის მხრიდან შესაბამისი ფულადი პრემიითაც. ვფიქრობთ, რომ 3 მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის და ყოველი მომდევნო მოგებული თამაშისთვის ევრობასკეტზე, ევროპის ჩემპიონატზე, ასევე, დავაწესებთ 3 მილიონ ლარს“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, გუშინ, ევრობასკეტის მერვედფინალში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა რიგაში მიმდინარე შეხვედრაში საფრანგეთი დაამარცხა. ამრიგად საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევრობასკეტის მეოთხედფინალში ითამაშებს.