„ძალა ერთობაშია“ - თუ ჩვენ შიგნით დაგვყვეს და დაგვაპირისპირეს, ვერაფერს მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის „ჩემი ხმა ევროპას“ დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, 15 დეკემბერის გადაწყვეტილებით არაფერი მთავრდება და ევროპისკენ გზა გასაგრძელებელი იქნება და ამ კონტექსტში ერთიანობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.
ამასთან, პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა რუსეთზე და მის მცდელობაზე „აურიოს გეგმა“ და მიმართა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რომ ნებისმიერი უკუსვლა და ერთი ნაბიჯი უკან არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს არავის აქვს უფლება დაუთმოს რუსეთს.
„ჩვენ 15 დეკემბერს გადაწყვეტილებას ველოდებით. ველოდებით იმ გაგებით, რომ ჯერ კიდევ არის ძალიან ბევრი გამოწვევა. მართალია, კომისიის რეკომენდაცია ძალიან ძლიერია და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ იქნება შესრულებული, იმასაც ვხედავთ, რომ რუსეთი ბოლომდე, ყველაფერს ცდილობს, რომ აურიოს ეს გეგმა. ეს მისთვის ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა, ეს სივრცე მართლაც შევა ევროპულ ოჯახში და ეს უკვე ახალი სიცოცხლის დაწყებაა, ამიტომ არის მცდელობები, რასაც ვხედავთ დღეს, გუშინ. იმედი მაქვს, ეს უშედეგო აღმოჩნდება 15 დეკემბერს, როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ეს გადაწყვეტილება იქნება, ასევე, პოზიტიური არა მხოლოდ საქართველოსთვის, ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ იქნება მოლდოვასა და უკრაინისთვისაც. იმიტომ, რომ ნებისმიერი უკუსვლა, ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის. ეს არის გზავნილი, რაც მინდა გავიდეს ჩვენ ევროპელ მეგობრებთან, ასევე, ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან, რამეთუ მათი გადაწყვეტილებები, ასევე, ამ დღეებში უკრაინის ომის მიმართ, იქნება ძალიან სერიოზული გზავნილი. მათ, ჩვენ, არცერთს არ გვაქვს უფლება, რომ დღეს რამე დავუთმოთ რუსეთს. ამიტომ დღეს გზაჯვარედინია საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დღე და იმედი მაქვს, რომ ორ დღეში ვიზეიმებთ, როგორც დავიწყეთ ზეიმი 8 ნოემბერს, გავაგრძელებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, 15 დეკემბერს არ მთავრდება არაფერი და პირიქით ევროკავშირისკენ გზა არის გასაგრძელებელი.
„ჩვენ ვიცით, რომ 15 დეკემბერს არ მთავრდება არაფერი. ჩვენ ვარ ვალდებული და ვიქნებით ორმაგად ვალდებული, რომ გავაგრძელოთ ის გზა და ეს გაზა გასაგრძელებელი იქნება ყველას ერთად. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ყველანი ერთად ვართ აქ. ჩვენი გასაკეთებელი იქნება ყველასი ერთად, რადგან არასოდეს ისე, როგორც დღეს არ ჩანს, რომ ძალა ერთობაშია. თუ ჩვენ შიგნით დაგვყვეს და დაგვაპირისპირეს, ვერაფერს მივაღწევთ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საარჩევნო წელის პოლიტიკური დავისა და დისკუსიების ფონზე ერთიანობა უნდა იყოს.
„იწყება საარჩევნო წელი და იწყება პოლიტიკური დავა, დისკუსიები, მაგრამ ერთობა უნდა იყოს ამ გზაზე, რომელიც იმედი მაქვს 15 დეკემბერს დაიწყება. ამ წელიწადში ჩვენ დაგვჭირდება თქვენი დახმარება. დახმარება იმისთვის, რომ ყველამ ერთად გავიაზროთ რაც არის გასაკეთებელი.
მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, იმ პოლიტიკურ ძალებს იყვნენ ხელისუფლებაში თუ არა, ოპოზიციაში თუ პოზიციაში. აქ მოსული თუ არ მოსული. ყველამ, ვისაც ოდნავ მაინც აქვს წვლილი შეტანილი ამ შედეგში, რომელიც ამ დღეებში უნდა დადგეს. ყველას დიდი მადლობა. არავის არ ეკუთვნის გამარჯვება, თუ არ ეკუთვნის ყველას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.