საქართველოს პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, ფლობისა და განკარგვის მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა რადიოაქტიურ ნივთიერება ურანს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას და საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. საქართველოს მოქალაქე ცდილობდა ხსენებული ბირთვული მასალის რეალიზაციას თურქეთის მოქალაქეზე, 3 მილიონ აშშ დოლარად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ორივე მათგანი დააკავა.
„დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით (რადიოაქტიური ნივთიერების შეძენა, შენახვა, ფლობა და განკარგვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.