ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა შორის შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში: U9, U11, U13, U15.
ამის შესახებ ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ტარდება და მასში ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონის 300-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.
„I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები ევროპის და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატების საგზურით ადგილის შესაბამისად დაჯილდოვდებიან.
7 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით, ყველა გამარჯვებით მხოლოდ ორი მონაწილე ლიდერობს: ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ლილე სვანაძე და ერეკლე ტაბატაძე.
ფინიშამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონატის ლიდერთა შორის არიან:
9 წლამდე გოგონები: ლილე სვანაძე (ქუთაისი;მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე) – 7 ქულა!
9 წლამდე ჭაბუკები: ანდრია ყუბანეიშვილი (ქუთაისი; მწვრთნელი რამაზ ერაძე); ალექსანდრე ბერიშვილი (თბილისი; მწვრთნელი მაია ლომინეიშვილი) – 6 ქულა;
11 წლამდე გოგონები: მართა დოგრაშვილი (ქუთაისი; მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი); მარიამ რეხვიაშვილი (თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) – 6 ქულა;
11 წლამდე ჭაბუკები: ლაზარე ჩხარტიშვილი (ოზურგეთი; მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) – 6,5 ქულა;
13 წლამდე გოგონები: ნინო ლიპარტია (ფოთი; მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა) – 5,5 ქულა;
13 წლამდე ჭაბუკები: გაბრიელ გაბადაძე (ქუთაისი; მწვრთნელი ხვიჩა სუპატაშვილი) – 6 ქულა;
15 წლამდე გოგონები: ბარბარე აშოთია (ქუთაისი; მწვრთნელი დავით ჯოჯუა) – 6,5 ქულა;
15 წლამდე ჭაბუკები: ერეკლე ტაბატაძე (თბილისი; მწვრთნელი ზურაბ სტურუა) – 7 ქულა!
ჩემპიონატის მთავარი ორგანიზატორი და ტურნირის დირექტორი, ალექსანდრე არსენიძე გახლავთ, ხოლო მთავარი მსაჯი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, ინგა არსენიძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.