ქვეყანაში ახალი ჯარიმები წესდება. საუბარია, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონზე, რომელსაც მთავრობა დაჩქარებული წესით ამკაცრებს. კერძოდ, უცხოელებს საქართველოში დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ, დამსაქმებლებს კი მათი საჭიროების დასაბუთება მოუწევთ. აღნიშნულს გულისხმობს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა, უმოკლეს დროში, მესამე მოსმენით, 84 ხმით დაამტკიცა.
რეგულაციის მიხედვით, „უცხოელ სამუშაო ძალას მიეცემა დასაქმების უფლება მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც დადასტურდება, რომ შესაბამისი პოზიციებისთვის ადგილობრივი კადრები არ არის ხელმისაწვდომი“.
ამასთან, „შრომითი მიგრაციის“ კანონის გამკაცრებასთან ერთად, წესდება ახალი ჯარიმებიც კანონის შესაბამისი მოთხოვნის დარღვევებზე. უფრო კონკრეტულად, უცხოელის შესაბამისი უფლების გარეშე დასაქმების შემთხვევაში, დამსაქმებელიც და თავად დასაქმებული უცხოელიც 2000 ლარით დაჯარიმდებიან, განმეორების შემთხვევაში კი, ფულადი სანქცია ორმაგდება.
კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, უცხოელების უფლების გარეშე დასაქმების შემთხვევაში ჯარიმები იქნება შემდეგნაირი:
ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა ადგილობრივი დამსაქმებლისთვის (თითოეულ შრომით იმიგრანტზე ინდივიდუალურად) - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა შრომითი იმიგრანტისთვის - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა - გამოიწვევს თვითდასაქმებული უცხოელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
როგორც ცნობილია, აღნიშნული ფულადი სანქციების ამოქმედების ვადად 2026 წლის 1-ლი მარტია განსაზღვრული. ამასთან, რეგისტრირებულმა იმ შრომითმა იმიგრანტებმა, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტში რეგისტრაციის სტატუსი აქვთ აქტიური, სპეციალური სამუშაო უფლება და შესაბამისი კატეგორიის ბინადრობის ნებართვა 2027 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა მოიპოვონ.