სოციალურ ქსელებში საფრანგეთის პრეზიდენტისა და მისი ცოლის ვიდეოს განიხილავენ. საუბარია ვიდეოზე, რომელიც 25 მაისს ემანუელ მაკრონის ვიეტნამში ჩასვლის დროს არის გადაღებული.
ფრანგული მედიის ცნობით, კადრებში, რომელიც ამერიკულმა სააგენტომ „ასოშიეთედ პრესმა“ გაავრცელა ჩანს, თუ როგორ იხსნება საფრანგეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის კარი და ჩანს მაკრონი, რომელიც ჯერ კიდევ თვითმფრინავშია. ამ დროს ვიდეოში ჩანს მაკრონის მეუღლის ხელები, თუმცა თავად ბრიჯიტ მარკონი არა. შემდეგ ქალი მაკრონს სახეზე ხელს ადებს და გასწევს. ამ დროს იქმნება შთაბეჭდილება, რომ მეუღლემ საფრანგეთის პრეზიდენტს სილა გააწნა. მაკრონი ჯერ გაოგნებულია და შემდეგ თვითმფრინავის ტრაპიდან ხელს იქნევს და ადამიანებს ესალმება.
ეს კადრები სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა. თავდაპირველად ელისეის სასახლეში ვიდეოს ავთენტურობას უარყოფდნენ, თუმცა შემდეგ დაადასტურეს, რომ კადრები ნამდვილია. „როიტერის“ ცნობით, ელისეის სასახლე უარყოფს, რომ ემანუელ მაკრონს მეუღლემ სილა გააწნა.
საფრანგეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირები ფრანგულ მედიასთან საუბარში აცხადებენ, რომ კადრებში ჩანან „ჩვეულებრივი ცოლ-ქმარი, როლებიც „ხუმრობენ“.
„ეს არის მომენტი, როდესაც პრეზიდენტი და მისი მეუღლე ბოლოჯერ მოდუნდნენ, ვიზიტის დაწყებამდე და ხუმრობენ. ეს არის მეუღლეების სიახლოვის მომენტი. ეს იყო საკმარისი, რომ კონსპიროლოგიის მოყვარულებს საკმარისი მასალა მიეღოთ“, – განაცხადა წყარომ.