საფრანგეთმა გადაარჩინა 107 მიგრანტი, რომლებიც საშობაოდ დიდ ბრიტანეთში შეღწევას ცდილობდნენ

საფრანგეთმა გადაარჩინა 107 მიგრანტი, რომლებიც საშობაოდ დიდ ბრიტანეთში შეღწევას ცდილობდნენ

29-12-2024 15:55
კატეგორიები: მსოფლიო

25 დეკემბერს, საფრანგეთის საზღვაო სამსახურმა ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროზე 12 სამაშველო ოპერაცია ჩაატარა და პატარა ნავებზე საფრთხის ქვეშ მყოფი 107 ადამიანი გადაარჩინა, რომლებიც საშობაოდ დიდ ბრიტანეთში შეღწევას ცდილობდნენ. 

შობის დილას, დუნკერკის მახლობლად მყოფი ნავიდან 30 ადამიანი გადმოიყვანეს. ბორტზე მყოფმა დანარჩენმა მიგრანტებმა მოგზაურობის გაგრძელება ისურვეს და ისინი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მაშინ დააკავა, როგორც კი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ.

იმავე დღის ბოლოს, ასევე დუნკერკის მახლობლად, კიდევ ერთი გემი შენიშნეს, რომელსაც ძრავა ჰქონდა დაზიანებული. მგზავრებმა დახმარება ითხოვეს და ბორტზე მყოფი 51-ვე ადამიანი გადაარჩინეს. მოგვიანებით, კიდევ 26 ადამიანი გადმოსხეს სხვა გემიდან, რომელსაც პრობლემები კალეს მახლობლად შეექმნა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 25 დეკემბერს საფრანგეთის სანაპიროებს 11 ნავით 451 ადამიანი მიადგა. მანამდე, საზღვაო სამსახურის თანამშრომლებმა საფრანგეთის სანაპიროზე მიგრანტები, სულ ბოლოს, 14 დეკემბერს ნახეს, როდესაც სანაპიროს სამი ნავით 160 მიგრანტი „ესტუმრა“.

საშობაოდ ლა-მანშის სრუტის მახლობლად კარგი ამინდი იყო - ზღვა არ ღელავდა და არც ქარი უბერავდა, რამაც, როგორც ჩანს, უფრო მეტ მიგრანტს უბიძგა იმისკენ, რომ სრუტის გადაკვეთა ეცადა.

მათ ყურად არ იღეს ხელისუფლების გაფრთხილება, რომ ლა-მანშის სრუტე „არასტანდარტული და გადატვირთული გემებისთვის განსაკუთრებით საშიში ტერიტორიაა, განსაკუთრებით შუაგულ ზამთარში“.

გამაფრთხილებელი განცხადება საფრანგეთის ზოგიერთმა საქველმოქმედო ორგანიზაციამაც გააკეთა. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სრუტის გადაცურვის მცდელობები განსაკუთრებით იზრდება ზამთარში, „როდესაც გარეგნულად ზღვა მშვიდი ჩანს, მაგრამ ტემპერატურა სახიფათოდ დაბალია და გადატვირთული პატარა გასაბერი ნავებისთვის საფრთხის შემცველია“.

პას-დე-კალეს ხელისუფლების ცნობით, ლა-მანშის გადაკვეთისა და დიდ ბრიტანეთში შესვლის მცდელობისას, წელს, სულ მცირე, 73 ადამიანი დაიღუპა, რაც სამწუხარო რეკორდს წარმოადგენს.

მათ შორის არის ოქტომბერში დაღუპული ბავშვიც, რომელიც საფრანგეთის სანაპიროსთან ჩაძირულ ნავზე იმყოფებოდა. კიდევ ექვსი ბავშვი და ორსული ქალი სექტემბერში დაიღუპა, როდესაც რეზინის ნავი ზღვაში ნაწილებად დაიშალა.

პოსტი ნახა: 209


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!