თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჯობავა და შალვა ჩუბინიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით მათ 14-14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
მათ შსს 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, 18 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ფარგლებში ადმინისტრაციული წესით 14 პირი დააკავეს, ხოლო 13 პირის მიმართ საქმის წარმოება მიმდინარეობს. შსს-ს თანახმად, აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. უწყებაში განმარტავენ, რომ "მიუხედავად პოლიციის მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებისა, არ შეეფერხებინათ სატრანსპორტო მოძრაობა, აქციის მონაწილეები პოლიციას არ დაემორჩილნენ და გააგრძელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ასევე, დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც, ასევე, კანონდარღვევას წარმოადგენს".