სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა

4 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი

სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს, ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა.

როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ განაცხადა, სასამართლომ მათი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. მისი თქმით, თუ გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნული ბიტკოინები არ აღმოაჩნდება, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბიტკოინის ფასიდან გამომდინარე, ბაჩიაშვილის პირადი ქონების რეალიზაცია მოხდება.

„სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის სარჩელი. საქმე იხილებოდა გამარტივებული წესით, დღევანდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 7 დღიანი ვადა განსაზღვრა. ასევე, სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ქონების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიტკოინები დაებრუნებინა, რადგან სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მან ბიძინა ივანიშვილის 9000-მდე ბიტკოინი მიითვისა. თუ აღმოჩნდება, რომ გიორგი ბაჩიაშვილს ეს ბიტკოინები არ აღმოაჩნდება, მაშინ იგი ვალდებულება ექნება, რომ მოსარჩელეს დაუბრუნოს ამ ბიტკოინების ღირებულების თანხა, გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისათვის არსებული რაოდენობით“,- განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ.

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, სოფო ქურთაულის შეფასებით კი, „სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, რომ აღნიშნული საქმე გამარტივებული წესით განეხილა, საქმე განხილული უნდა ყოფილიყო საერთო სასარჩელო წესით, რადგან განაჩენის გასაჩივრების ვადა გასული არ არის“. მისი თქმით, გიორგი ბაჩიაშვილს აქვს შესაძლებლობა, რომ განაჩენი 2 ინსტანციაში გაასაჩივროს.

„მნიშვნელოვანია, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ქონებას სარჩელის შეტანამდე დაადეს ყადაღა და დაყადაღებულია არამარტო ბაჩიაშვილის, არამედ სხვა პირთა ქონებებიც, რომლებიც საქმეში არ ყოფილან ჩართულები. დღევანდელი გადაწყვეტილებით, კი სასამართლომ დაადგინა - დაუყოვნებლივ აღსრულების გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ბაჩიაშვილისა და სხვა პირთა ქონების რეალიზაციას.

ჩვენ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, მაგრამ გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. რაც ნიშნავს, იმას, რომ ჩვენი საჩივრის მიუხედავად, მოსარჩელე ამას აღსრულების ეროვნულ ბიუროში წაიღებს და იძულებით აღსრულების პროცედურას მოითხოვს.

სასამართლოს გადაწყვეტილება განაჩენსაც კი გასცდა, სასამართლომ არამარტო ბიტკოინებს დაბრუნება დაადგინა, არამედ თუ ვერ დაბრუნდებაო, სამომავლოდ, გადაწყვეტილების აღსრულების მომენტში რა ღირებულებაც ექნება ბიტკოინს, ის თანხა გადაიხადოს ბაჩიაშვილმაო“,- განაცხადა სოფო ქურთაულმა.

პოსტი ნახა: 154


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე