ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ აშშ მზად არის იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს შეიძენენ, 500%-იანი ტარიფები დაუწესოს. მისი თქმით, ამ კანონპროექტს 72 სენატორი უჭერს მხარს.
როგორც Bloomberg-ი იუწყება, კანონპროექტის მიხედვით, სანქციები ითვალისწინებს 500%-იან გადასახადს იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებიც რუსულ ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, ბუნებრივ აირსა და ურანს ყიდულობენ.
უკრაინასთან მინერალურ საკითხებზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, გრეჰემმა განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დახმარებას ისახავს მიზნად.
„მან თავისი იმედგაცრუება გამოთქვა. მე ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით, საპატიო და სამართლიანი გზით მსურს. ვფიქრობ, ტრამპი ამის მისაღწევად საუკეთესო ადამიანია, მაგრამ ეს სანქციები ასახავს იმ შეხედულებას, რომ სენატი რუსეთს მთავარ დამნაშავედ მიიჩნევს“, - აღნიშნა სენატორმა.
გრეჰემი მიიჩნევს, რომ პუტინს საბოლოოდ მოუწევს არჩევანის გაკეთება ომის დასრულების მოლაპარაკებებსა და რუსეთის ეკონომიკის განადგურებას შორის.