მიხეილ ყაველაშვილის ამოცანა იქნება, რომ ქართველ ხალხს აჩვენოს, თუ რას ნიშნავს პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში და რას ნიშნავს იყო იმ პოზიციის წარმომადგენელი, რომელიც არის სახელმწიფოს მეთაური, სტატუსის მქონე, მაგრამ არ არის ქვეყნის მმართველი - აი, ეს იყო ის ცდუნება, რომელსაც ვერცერთმა წინა პრეზიდენტმა ვერ გაუძლო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის მტკიცებით, მომავალ პრეზიდენტს ძალიან დიდი დრო დასჭირდება იმისთვის, რომ „პრეზიდენტის დაზიანებული ინსტიტუტის რეპუტაცია გამოასწოროს“.
„რაც შეეხება ჩვენს [პრეზიდენტობის] კანდიდატურას. ოპოზიციის რეაქციებმაც აჩვენა, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო, ამ პოზიციაზე მიხეილ ყაველაშვილის დასახელება. პრეზიდენტის ინსტიტუტმა ძალიან დიდი ზიანი მიიღო წინა პრეზიდენტების წყალობით და განსაკუთრებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ფაქტობრივად, იმდენად დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომ მომავალი პრეზიდენტს საკმაო დრო დასჭირდება იმისთვის, რომ ეს დაზიანებული რეპუტაცია პრეზიდენტის ინსტიტუტისა გამოასწოროს.
და რით დააზიანა მოქმედმა პრეზიდენტმა აღნიშნული ინსტიტუტი? - მიუხედავად ცუდი გამოცდილებებისა წინა პრეზიდენტებთანაც დაკავშირებითაც, ერთ-ერთი დღეს ციხეშიც კი ზის, ასეთი ღია, საჯარო გასვლა პრეზიდენტის უფლებამოსილებებისგან, ასეთი უხეში და თავხედი საჯარო დარღვევა კონსტიტუციური უფლებამოსილებების სხვა პრეზიდენტებისგან, ჩვენ არ გვინახავს, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს. ფაქტობრივად, მან ქართველ ხალხს თავზე გადაახია კონსტიტუცია და თქვა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ქართველმა ხალხმა რა კონსტიტუცია დაადგინა, მან პრეზიდენტის ინსტიტუტი საკუთარ უკანა ეზოდ აქცია, სადაც როგორც უნდა ისე მოიქცევა, რასაც უნდა იმას გააკეთებს, ვინაიდან მას პარლამენტში დაბევებული ჰყავდა „ნაციონალური მოძრაობა“ და იცოდა, რომ მისი იმპიჩმენტი ვერ შედგება, ამიტომ აბსოლუტურად, თავზე ხელაღებულად მოქმედებდა.
სამწუხაროდ, ამაში მას ეხმარებოდა ადგილობრივი პოლიტიკური ძალები, ოპოზიცია, რომელიც მას აქეზებდა კონსტიტუციის დარღვევისკენ და სამწუხაროდ, ამაში ჩართული იყო ბევრი უცხოელი, მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსი, თუ ლიდერი, რომლებსაც უბრალოდ, ქართველი ხალხი არაფრად ჩაგვაგდეს და ჩვენი კონსტიტუცია, ხალხის ნება აბუჩად აიგდეს იმით, რომ პრეზიდენტს ხელს უწყობდნენ კონსტიტუციის დარღვევაში. ამიტომ მიხეილ ყაველაშვილის ამოცანა ზუსტად ეს იქნება, რომ ერთი მხრივ ქართველ ხალხს აჩვენოს, თუ რას ნიშნავს პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში, რას ნიშნავს იყო იმ პოზიციის წარმომადგენელი, რომელიც ერთი მხრივ, არის სახელმწიფოს მეთაური, სტატუსის მქონე, მაგრამ მეორე მხრივ, არ არის ქვეყნის მმართველი. აი, ეს იყო ის ცდუნება, რომელსაც ვერცერთმა წინა პრეზიდენტმა ვერ გაუძლო და ის მაღალი სტატუსი, რომელსაც კონსტიტუცია მას ანიჭებს. ყველამ მოინდომა, რომ ეს სტატუსი გადაექცია სახელისუფლებო ბერკეტად, რომელიც ქართველ ხალხს არ მიუნიჭებია მათთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ქართველ ხალხს მიხეილ ყაველაშვილის სახით ეყოლება პრეზიდენტი, რომლისთვისაც უპირველესი იქნება, „მისი სამშობლო, ხალხი და კონსტიტუციის დაცვით პრეზიდენტის ფუნქციის შესრულება“.
„მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომლის მიმართაც არ არსებობს ერთი კითხვაც კი მის პატრიოტულობასთან დაკავშირებით. თანამედროვე სამყაროში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენნაირი მცირე და გარშემო არსებული კონფლიქტების თვალსაზრისით მოწყვლადი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც არ მოიქცევა არცერთი უცხო ძალის გავლენის ქვეშ. ჩვენ ამას ვხედავთ სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, რომ ის პირდაპირ ქვეყნის გარედან იმართება, ამიტომ უმთავრესი კრიტერიუმი საქართველოს პრეზიდენტობისა არის პატრიოტიზმი და ხალხის მსახურება. ხვალინდელი არჩევნების და 29 დეკემბრის ინაუგურაციის შემდეგ ქართველ ხალხს ეყოლება პრეზიდენტი, რომლისთვისაც უპირველესი იქნება, მისი სამშობლო, ხალხი და კონსტიტუციის დაცვით პრეზიდენტის ფუნქციის შესრულება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.