როდესაც ქვეყანაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახური შემოგაპარებს, შემდეგ სასამართლოზე ამბობ, რომ ქართული ენა დაგავიწყდა და უკრაინულად გელაპარაკონ და შემდეგ უკვე პრეტენზიები გაქვს, რომ საქართველოში პოლიტიკურად აქტიური უნდა იყო - ეს არის სამარცხვინო ცირკი, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებიც „ხბოს აღტყინებით, გაფართოებული თვალებით შესციცინებენ მას [მიხეილ სააკაშვილს] ადამიანს, რომელიც საქართველოში სიტუაციის არევას ცდილობს“.
„ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ფიგურის ან პერსონის დანიშნულება არის სწორედ ის, რომ არიოს სიტუაცია საქართველოში ციხეში იქნებოდა თუ უკრაინაში, თუ ამერიკიდან გველაპარაკებოდა. მისი მთავარი მიზანი და რაც არის მისი, ასე ვთქვათ, როგორც ინსტრუმენტის მთავარი დანიშნულება სხვა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ხელში, არის ის, რომ არიოს სიტუაცია საქართველოში. ვნახეთ მისი ბიძის გამოსვლა, რომელიც [ქვეყნის] გახლეჩაზე დაყოფაზე საუბრობდა, მათ შორის, სამხედრო გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ეს ეს პოლიტიკური ძალაა და სწორედ ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ, რა მიზნები ჰქონდა იმ ჯგუფებს, რომლებმაც ის საქართველოში 2021 წელს შემოაპარეს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა. რათა აერია ქვეყანა არჩევნების წინ, მათ შორის, მათი მიზანი იყო, რომ აი ამ პერიოდში, როდესაც რუსეთის აგრესია მიდის უკრაინაში, სიტუაცია ჩვენთანაც არეულიყო. ამიტომ, ვხედავთ, ეს ყველაფერი, საბოლოოდ, ნათელია ჩვენი საზოგადოებისთვის. პირდაპირ ეთერში ვხედავთ ადამიანს, რომელიც უცხოური ჯგუფებიდან იმართება, ვინც შემოაპარეს, ვინც მფარველობს. ხან რომელ რეზოლუციაში აღმოჩნდება ხოლმე მისი სახელი და გვარი აბსოლუტური ტყუილებით, თითქოს მას აწამებდნენ, ხან პოლიტიკური ჯგუფების რომელიღაც განცხადებაში და ხან პირდაპირ ქმედებებში. ვიცით, რომ ის საქართველოში უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილემ შემოაპარა. ამაზე მეტი მტკიცებულება რაღა გვინდა, როდესაც ქვეყანაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახური შემოგაპარებს, შემდეგ სასამართლოზე ამბობ, რომ ქართული ენა დაგავიწყდა და უკრაინულად გელაპარაკონ და შემდეგ უკვე პრეტენზიები გაქვს, რომ საქართველოში პოლიტიკურად აქტიური უნდა იყო. ეს არის სამარცხვინო ცირკი, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ და კიდევ ვხედავთ, რომ მის პოლიტიკურ პარტიებში ადამიანები არიან, რომლებსაც ხბოს აღტყინებით, გაფართოებული თვალებით შესციცინებენ მას ადამიანს, რომელიც საქართველოში სიტუაციის არევას ცდილობს. ცდილობს რომ იყოს დესტაბილიზაცია. ამიტომ ეს არის მთავარი პრობლემა, რომ ჩვენ საქართველოში გვყავს პოლიტიკური ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელიც ანტიქართული პოლიტიკური გაერთიანებაა და სანამ მას შესაძლებლობა აქვს, რომ პოლიტიკური გავლენები ჰქონდეს, ეს საქართველოსთვის პრობლემაა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „იმისდა მიხედვით, ალბათ, როგორი იქნება მასზე ზეწოლა [უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან], შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას.
„მას აქვს დანაშაული ჩადენილი. კონკრეტული დანაშაულებისთვის უკვე იხდის სასჯელს და არის დანაშაულები, რომლებზეც მიდის სასამართლოები. გარდა ამისა, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დროს, საქართველოში შეიქმნა ადამიანების წამების და ღირსების აყრის რეჟიმი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოზიტიური შეფასება მის საქმიანობაზე, ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა და, რა თქმა უნდა, შესაძლო შეწყალება ეს იქნებოდა ქართველი ხალხის და მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლების დაცინვა. ასე, რომ სალომე ზურაბიშვილის ასარჩევია, რომელ გზას აირჩევს. ჩვენ ვნახეთ, რომ ნიკა გვარამიას შემთხვევაში, უცხოელების ზეწოლით და პირდაპირ ნახეთ რამდენიმე ევროპარლამენტარი, რომელთაც განაცხადეს, რომ წინასწარ ჰქონდათ ეს გავლილი სალომე ზურაბიშვილთან. წინასწარ იცოდნენ, რომ ის შეიწყალებდა, ქართველმა ხალხმა არ ვიცოდით და თურმე ვიღაც უცხოელ პოლიტიკოსებთან აქვს მას ამაზე საუბარი. მან ეს გზა არჩია - არა ქართველი ხალხის მსახურებისა, არამედ სხვების მსახურების. ვნახოთ, იმისდა მიხედვით, ალბათ, როგორი იქნება მასზე ზეწოლა, შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.