უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ფინანსთა მინისტრ, ლაშა ხუციშვილის სხვა საკითხებთან ერთად, სამთო კურორტებზე ზვავის ადრეული პრევენციის სისტემების პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.
სოზარ სუბარის განცხადებით, პროექტი უკვე არსებობს და კარგი იქნება თუ მომავალი წლის ბიუჯეტში მისი დაწყება შევა.
„ზვავის ადრეული პრევენციის სისტემებზე ბევრჯერ გვისაუბრია. მოგეხსენებათ, სვანეთი როგორი ზონაა. 1977 წელს 30 ადამიანი დაიღუპა ზვავისგან, 1987-ში - 62 ადამიანი და ყოველწლიურად არის გზის ჩაკეტვის ფაქტები, ასევე, სამთო კურორტებზე პრობლემები. მესმის, რომ მრავალწლიანი პროექტია, მაგრამ კარგი იქნება, მომავალი წლის ბიუჯეტში გავითვალისწინოთ თუნდაც დაწყება. პროექტი უკვე გაკეთებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გარკვეული სისტემები ამ მიმართულებით მობილიზებულია და პარალელურად, მიმდინარეობს აღნიშნული სისტემების შესყიდვაც.
„გარემოს დაცვის სამინისტრო არა მხოლოდ ზვავთან მიმართებაში, არამედ მეწყერთან მიმართებაშიც აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ აღნიშნული სისტემების დამონტაჟება განხორციელდეს. გარკვეული სისტემები ამ მიმართულებით მობილიზებულია, ამ ეტაპზე უფრო ტექნიკური ნაწილია შესასრულებელი, მაგრამ, პარალელურად, მიმდინარეობს აღნიშნული სისტემების შესყიდვაც. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მომავალ პერიოდში ამ მიმართულებით მეტი პროგრესი გვექნება. გეთანხმებით, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებულია სტიქიური მოვლენები“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.