ჯორჯია მელონი - მათ, ვისაც დემოკრატიის ნამდვილად სჯერათ, მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი არ შეიძლება გაუხარდეთ

ჯორჯია მელონი - მათ, ვისაც დემოკრატიის ნამდვილად სჯერათ, მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი არ შეიძლება გაუხარდეთ

01-04-2025 14:20
კატეგორიები: მსოფლიო

მათ, ვისაც დემოკრატიის ნამდვილად სჯერათ, მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი არ შეიძლება გაუხარდეთ, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი პარიზის სასამართლოს მიერ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა, რომელმაც ლე პენი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო.

„არავის, ვისაც დემოკრატიის ნამდვილად სჯერა, შეიძლება გაუხარდეს გადაწყვეტილება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტიის ლიდერზე გავლენას ახდენს და მილიონობით მოქალაქეს წარმომადგენლობას ართმევს“, - წერს იტალიის პრემიერ-მინისტრი.

მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ძალიან დიდი ამბავი“ უწოდა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი ამბავია. ამის შესახებ ვიცი და ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ მის წინააღმდეგ განაჩენს არ გამოიტანდნენ. მას კენჭისყრაში მონაწილეობა ხუთი წლით აეკრძალა და ის მთავარი კანდიდატი იყო. ეს ამ ქვეყანას ჰგავს, ამ ქვეყანას ძალიან ჰგავს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარინ ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მარინ ლე პენის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

პოსტი ნახა: 321


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე