ᲢᲐᲜᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲗᲔᲫᲛᲘᲡ ᲮᲔᲝᲑᲐ – ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲪᲝᲪᲮᲚᲔᲑᲡ
ᲚᲐᲜᲓᲨᲐᲤᲢᲘᲡ ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ ᲡᲝᲤᲔᲚᲡ
ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ბუნება მხოლოდ ლამაზი ხედები და სუფთა ჰაერი კი არა – ეს ყოველდღიური რესურსია, რომელიც ადგილობრივებს ჯანმრთელობას, შემოსავალს და მომავლის იმედს აძლევს.
სტატუსის მინიჭების შემდეგ, ხეობა ნელ-ნელა იქცევა შიდა ქართლის ეკოტურიზმის ცენტრად. აქ წყალი მუდამ სუფთაა, ჰაერი – ჟანგბადით გაჯერებული, მთები კი სამკურნალო მცენარეებით სავსე.
ტურისტები ადგილობრივ ოჯახებში ჩერდებიან, ტრადიციულ სუფრას ეცნობიან, ყიდულობენ თაფლს, ღვინოს და ხელნაკეთ ნივთებს. ეს ყველაფერი ავითარებს სოფლის ბიზნესს და ადგილობრივებისთვის დამატებით შემოსავალს ქმნის.
როგორ „ზრდიან“ ერთმანეთს ტურისტები და ადგილობრივები
ლიკა თინიკაშვილი, ადგილობრივი მეწარმე და საოჯახო სასტუმროს მფლობელი, გვიყვება: „უცხოელ სტუმრებს ჩემი ეზოს კარტოფილი შევუწვი და ასეთი კარტოფილი ჯერ არ გაგვისინჯავსო. ბოსტანში ექსკურსია მოითხოვეს. განსაკუთრებით აღფრთოვანებულნი არიან წყაროს წყლით, რომელიც ჩვენს ხეობაში უხვადაა. ტურისტებმა ახალი თვალით შეგვახედეს ჩვენს სოფელს. ის, რაც ადრე ჩვეულებრივი გვეგონა, თურმე უნიკალური ყოფილა. რაღაცნაირად „ვზრდით“ ერთმანეთს. ეს ჩვენი შვილებისთვისაც დიდი მოტივაციაა, რომ აქ დარჩნენ.“
თაფლი, რომელსაც მხოლოდ დაცული ხეობა ქმნის
ფერდობებზე შეფენილი ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე ტანისა და თეძმის ხეობის თაფლს განსაკუთრებულ გემოს აძლევს.
ადგილობრივი მეფუტკრე თედო უძილაური ამბობს: „ტანას ხეობაში შერეული ტყეა და ეს აძლევს აქაურ თაფლს განსაკუთრებულ გემოს. ამ ტყეების გარეშე თაფლი ასეთი თვისებების ვერ იქნება. არ იქნება დაცული ლანდშაფტი – არ იქნება ჩვენი თაფლი. ლანდშაფტის დაცულობა ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. შემოსავალი გაგვიჩნდა – ჩემს პატარებს ახლა ტურისტების ნახვა უხარიათ. ახალი თამაშიც მოიგონეს – ტურისტობანა.“
ახალი თაობა – 13 წლის ქრისტინე უკვე „მეწარმეა“
ზემო ბოშურში ჩასულ დამსვენებლებს განსაკუთრებით მოსწონთ ლიას რძის პროდუქტები.
„ადრე ყველის გაყიდვა არც მიფიქრია, მაგრამ, როცა სტუმრები გამოჩნდნენ, ერთხელ წაიღეს და მას მერე მუდმივად ითხოვენ“, – ამბობს ქალბატონი ლია.
მისი 13 წლის შვილიშვილი, ქრისტინე, აქტიურად ეხმარება ბებიას რძის პროდუქტების მომზადებაში და ძროხასაც წველის:
„ციბრუტივით ტრიალებს. მის გარეშე ჩემს საქმეს ვერ გავუძღვებოდი. მიხარია, რომ სოფელს ხალისი მიეცა და ჩვენი ოჯახიც გამოცოცხლდა.“
როცა დაცვა განვითარების წყაროდ იქცევა
ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტი ერთდროულად არის ბუნების სილამაზე, ეკონომიკური სარგებელი და სოციალური სიმტკიცე.
დაცული ტერიტორიები არა მხოლოდ გარემოსთვის, არამედ ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვანია. თუ ადგილობრივები, საზოგადოება და სახელმწიფო ერთად იზრუნებენ ამ სივრცის შენარჩუნებაზე, ხეობა მომავალ თაობებს კიდევ უფრო მეტ სარგებელს შესთავაზებს.