მაშინ, როდესაც თბილისის მერი ძვირადღირებული მანქანით წალენჯიხაში ერთობა, თბილისში უამრავი პრობლემა მოუგვარებელია - მისი ეს „ვოიაჟი“ სრულად ამხელს „ოცნების” კორუმპირებულ და ცინიკურ სისტემას, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი ტატა ხვედელიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, კალაძეს „სრულიად არ ადარდებს ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე“.
„მაშინ, როდესაც თბილისის მერი ძვირადღირებული მანქანით წალენჯიხაში ერთობა, თბილისში უამრავი პრობლემა მოუგვარებელია. ეს პრობლემები მისი მმართველობის უნიათობისა და კორუფციის შედეგია და მან ეს ძალიან კარგად იცის, უბრალოდ სრულიად არ ადარდებს ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე.
იმ ქალაქის მერი, სადაც დედები იძულებულნი არიან, შვილები დატოვონ და საზღვარგარეთ წავიდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ ოჯახების გადარჩენა შეძლონ…
სადაც ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილს განიცდის…
სადაც მოხუცები მაღაზიების მაგივრად ნაგვის ურნებში ეძებენ საჭმელს…
სადაც ქუჩაში გამვლელები ეწირებიან ავარიულ კორპუსებს…
სადაც მედიკამენტების დაფინანსებისთვის თვეობით დგანან მუნიციპალური სამსახურების რიგებში…
სადაც 120 ოჯახს 40 გრადუს სიცხეში ქუჩაში ყრიან, იმიტომ, რომ მათთან დაახლოებული ბიზნესმენების ინტერესები დაიცვან და ამისთვის საკუთარი წილიც მიიღონ…
ამ რეალობის ფონზე, „ვარკეთილის მეტროს“ ვერ შემკეთებელი მერის ეს „ვოიაჟი“ სრულად ამხელს “ოცნების” კორუმპირებულ და ცინიკურ სისტემას.
მარგალეფ ვეგმიჩამუნა!,“ - წერს ხვედელიანი.