🔴 სსიპ შემოსავლების სამსახურის შემოსავლების სამსახური Revenue Service უფროსს ბატონ მიხეილ მაღლაკელიძეს
ახალი ფაქტობრივი გარემოების შესახებ
📌 შპს „ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" მოგმართავთ საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული კანონის წინაშე თანასწორობის, თანაბარი მოპყრობისა და სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების პრინციპების საფუძველზე.
ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე განსაკუთრებულ შეღავათს ან პრივილეგიას. ვითხოვთ მხოლოდ იმავე სამართლებრივი შესაძლებლობების გამოყენებას, რომლებიც სახელმწიფომ უკვე გამოიყენა სხვა ტელეკომპანიების მიმართ.
აღნიშნული მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს ახალი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ჩვენი წინა განცხადებების განხილვისას ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილი არ ყოფილა და რომლის არსებობაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადებით დადასტურდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელედებატების დროს საჯაროდ განაცხადა, რომ ერთ-ერთ ტელეკომპანიას მრავალმილიონიანი საგადასახადო დავალიანების მიუხედავად სახელმწიფოს მიერ ინკასო არ არის გამოყენებული. ამავე განცხადებაში მან ასევე დაადასტურა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს სახელმწიფომ მისცა საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა.
აღნიშნული განცხადებები ადასტურებს, რომ სახელმწიფოს პრაქტიკაში არსებობს საგადასახადო დავალიანების მართვის ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც სხვა ტელეკომპანიების მიმართ უკვე გამოყენებულია.
ვინაიდან აღნიშნული განცხადებები გაკეთებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ და ეხება სახელმწიფოს საგადასახადო პოლიტიკის პრაქტიკულ განხორციელებას, ისინი წარმოადგენს სახელმწიფოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ საჯაროდ დადასტურებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის იგნორირება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაუშვებელია.
📌 შპს "ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთმა" არაერთხელ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია იმ სამართლებრივი საფუძვლებისა და პირობების შესახებ, რომლითაც სახელმწიფომ სხვა ტელეკომპანიების მიმართ გამოიყენა საგადასახადო შეთანხმება, საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია ან სხვა შეღავათიანი მექანიზმები, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია დღემდე არ მოგვწოდებია.
აღნიშნული ინფორმაციის არმიწოდების გამო, ჩვენ ობიექტურად მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას ზუსტად მივუთითოთ ის პირობები, რომლებიც სხვა ტელეკომპანიების მიმართ იქნა გამოყენებული, თუმცა ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ჩვენი მოთხოვნის უარყოფის საფუძველი, რადგან შესაბამის ინფორმაციას მხოლოდ თავად ადმინისტრაციული ორგანო ფლობს.
მიუხედავად ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადებით პირველად დადასტურდა, რომ სხვა ტელეკომპანიების მიმართ გამოყენებული იყო განსხვავებული სამართლებრივი მიდგომა, რაც წარმოადგენს ახალ ფაქტობრივ გარემოებას და განაპირობებს ჩვენი მოთხოვნის ხელახლა განხილვის აუცილებლობას.
⭕️ აღნიშნული გარემოება ჩვენი წინა განცხადებების განხილვის დროს ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილი არ ყოფილა. შესაბამისად, იგი წარმოადგენს ახალ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც განაპირობებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახლა და სრულყოფილად განხილვის სამართლებრივ საფუძველს.
შესაბამისად, მოვითხოვთ ჩვენი საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის და საგადასახადო შეთანხმების გზით დარეგულირებას, იმავე ან არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით, რომლებიც სახელმწიფომ გამოიყენა სხვა ტელეკომპანიების მიმართ, მათ შორის იმ ტელეკომპანიების მიმართ, რომელთა შესახებაც საჯაროდ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ინკასოს მოქმედება ყოველდღიურად იწვევს კომპანიის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას, მნიშვნელოვნად ზღუდავს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას, აფერხებს სახელფასო და სხვა მიმდინარე ვალდებულებების შესრულებას და რეალურ საფრთხეს უქმნის 36-წლიანი დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის არსებობას.
აღნიშნულ პირობებში ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ინკასოს შენარჩუნება მნიშვნელოვნად აზიანებს კომპანიის ინტერესებს და ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის იმ მიზნის მიღწევას, რომელსაც თავად რესტრუქტურიზაციის და საგადასახადო შეთანხმების ინსტიტუტი ემსახურება - გადასახადის გადამხდელს მიეცეს შესაძლებლობა, გააგრძელოს საქმიანობა და ეტაპობრივად დაფაროს საგადასახადო დავალიანება.
იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ინკასო არ შეჩერდება, შესაძლოა თავად ადმინისტრაციული წარმოების მიზანი გახდეს უშედეგო, რადგან გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის კომპანია შესაძლოა ვეღარ ფუნქციონირებდეს.
⭕️ ამასთან, ინკასოს მოქმედების დროებით შეჩერება სახელმწიფოს არ ართმევს საგადასახადო დავალიანების მოთხოვნის უფლებას. დავალიანება არ გაუქმდება, არ ჩამოიწერება და ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ შემოსავლების სამსახურს სრულად შეუნარჩუნდება კანონით გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი. მეორე მხრივ, ინკასოს მოქმედების გაგრძელებამ შესაძლოა გამოიწვიოს კომპანიის საქმიანობის ფაქტობრივი შეწყვეტა, რის შემდეგაც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებული დადებითი გადაწყვეტილებაც ვეღარ აღადგენს არსებულ მდგომარეობას. შესაბამისად, მხარეთა ინტერესების სამართლიანი ბალანსი მოითხოვს ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ინკასოს მოქმედების დროებით შეჩერებას.
🟢 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ:
1. დაუშვათ ადმინისტრაციული წარმოება შპს "ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციისა და საგადასახადო შეთანხმების საკითხზე.
2. განიხილოთ ჩვენი საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციისა და საგადასახადო შეთანხმების საკითხი იმავე სამართლებრივი კრიტერიუმებითა და იმავე ან არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით, რომლებიც სახელმწიფომ გამოიყენა სხვა ტელეკომპანიების მიმართ.
3. ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე შეაჩეროთ შპს "ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" საბანკო ანგარიშებზე დადებული ინკასოს მოქმედება, ვინაიდან მისი გაგრძელება ყოველდღიურად აყენებს კომპანიას მძიმე ფინანსურ ზიანს, არსებითად აფერხებს საგადასახადო შეთანხმების, თუ რესტრუქტურიზაციის მიზნის მიღწევას და რეალურ საფრთხეს უქმნის მაუწყებლობის გაგრძელებას.
4. გადაწყვეტილების მიღებისას უზრუნველყოთ საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული კანონის წინაშე თანასწორობისა და არადისკრიმინაციული მოპყრობის პრინციპების დაცვა.
5. წერილობით გვაცნობოთ ამ განცხადების განხილვის ვადა, ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობა, მიღებული შუალედური გადაწყვეტილებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საბოლოო გადაწყვეტილება.
6. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ შპს "ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" მიმართ არ არსებობს საგადასახადო შეთანხმების, რესტრუქტურიზაციის ან ინკასოს შეჩერების იმავე ან მსგავსი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების საფუძველი, გადაწყვეტილებაში წერილობით და სრულყოფილად მიუთითოს, რომელი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები განასხვავებს ჩვენს საქმეს იმ ტელეკომპანიების საქმეებისგან, რომელთა მიმართაც სახელმწიფომ გამოიყენა საგადასახადო შეთანხმება, საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, ინკასოს გამოუყენებლობა ან სხვა შეღავათიანი სამართლებრივი მექანიზმები.
📌 მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი ახალი გარემოებებისა და კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის გათვალისწინებით, არსებობს ჩვენი განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და ვიმედოვნებთ, რომ შემოსავლების სამსახური მიიღებს ობიექტურ, არადისკრიმინაციულ და სამართლიან გადაწყვეტილებას.
ამ განცხადების მიზანი არ არის სახელმწიფოსგან განსაკუთრებული შეღავათის მიღება. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვით, იმავე სამართლებრივი შესაძლებლობებით სარგებლობა, რომლებიც სახელმწიფომ უკვე გამოიყენა სხვა ტელეკომპანიების მიმართ.
🟢 ვადასტურებთ მზადყოფნას, საგადასახადო შეთანხმების ან რესტრუქტურიზაციის პირობების დამტკიცების შემთხვევაში, კეთილსინდისიერად და სრულად შევასრულოთ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება და დადგენილი გრაფიკის შესაბამისად ეტაპობრივად დავფაროთ საგადასახადო დავალიანება.
დანართები:
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადების ვიდეოჩანაწერის ბმულები:
https://youtu.be/DUsdLT4vC4c
https://youtu.be/0ssu9evfyIU
ტელეკომპანია „თრიალეთმა“ შემოსავლების სამსახურს ახალი გარემოების საფუძველზე ოფიციალურად მიმართა და საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია მოითხოვა იმავე პირობებით, რომლებიც თავის დროზე „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ მიმართ იქნა გამოყენებული.
1 საათის წინ
პოსტი ნახა: 4
მსგავსი სიახლეები
05-07-2026 22:23
05-07-2026 17:52