თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
სხდომათა დარბაზის მცირე ზომიდან გამომდინარე, დასწრების მსურველთა დიდმა ოდენობამ შესვლა ვერ შეძლო. პროცესზე რამდენიმე დამსწრე, ჟურნალისტები, ჩეხეთისა და შვედეთის საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებიან.
სასამართლოს შენობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, დღეს გადაწყდება, გადაეცემა თუ არა საქმე არსებითად განსახილველად.
დღევანდელ პროცესზე მოსალოდნელია, რომ პროკურატურამ ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენოს, ვინაიდან ბრალდებულმა აღნიშნული თანხა დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. თუ ეს ასე მოხდება, ჯაფარიძეს სხდომათა დარბაზში დააკავებენ.
საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასა და წაყენებულ ბრალდებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს და ბრალდებაც ოფიციალურად წაუყენეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.