წელს, 1-ელ კვარტალში საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით 15 731 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკური მონაცემიდან ჩანს, აქედან 14 371 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე მოდის, ხოლო 1 360 სისხლის სამართლის კოდექსზე.
შედეგად, წელს 3 თვეში დაიღუპა 112 ადამიანი, ხოლო 1 763 დაშავდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი დაღუპული, 33% - 61 წლის და მეტი ასაკის ადამიანზე მოდის, 29% 26-დან 40 წლამდე, ხოლო 20.5% 41-დან 60 წლამდე.
შსს-ის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 61% - თბილისში მოხდა. ასევე, ლეტალური შედეგითაც დედაქალაქი "ლიდერობს".
უფრო კონკრეტულად, 3 თვეში როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ჯამურად ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისი - 9 634 შემთხვევა, დაიღუპა 28
- აჭარა - 1448 შემთხვევა, დაიღუპა 10
- იმერეთი - 1069 შემთხვევა, დაიღუპა 25
- ქვემო ქართლი - 554 შემთხვევა, დაიღუპა 19
- მცხეთა-მთიანეთი - 552 შემთხვევა, დაიღუპა 5
- შიდა ქართლი - 538 შემთხვევა, დაიღუპა 4
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 533 შემთხვევა, დაიღუპა 7
- კახეთი - 468 შემთხვევა, დაიღუპა 7
- სამცხე-ჯავახეთი - 316 შემთხვევა, დაიღუპა 2
- გურია - 189 შემთხვევა, დაიღუპა 5
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 32 შემთხვევა
ამასთან, იმ ავტოსაგზაო შემთხვევებიდან, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა, 31-ის შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი ქვეითის მიერ გადასასვლელის გავლის წესების დარღვევას უკავშირდება, 26 - მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებას, 25 - შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლას ან გასწრების წესების დარღვევას, 21 მოხვევის მანევრს, 15 - სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, 9 - დისტანციის დაუცველობას.