რუსეთში ნავთობის დადასტურებული მარაგი მხოლოდ 26-წლიან წარმოებას ეყოფა. ამის შესახებ რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალექსანდრ კოზლოვმა სახელმწიფო სათათბიროში სამთავრობო საათზე განაცხადა, რასაც „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
მისი მონაცემებით, რუსეთის ნავთობის მთლიანი მარაგი 31 მლრდ ტონად არის შეფასებული, თუმცა აქედან მხოლოდ მესამედი, 13 მლრდ ტონა არის რენტაბელური.
ამჟამად ნავთობკომპანიები წიაღიდან ყოველწლიურად, დაახლოებით 500 მლრდ ტონა ნავთობს ამოტუმბავენ.
კოზლოვის ცნობით, მართალია, დადასტურებული მარაგის გარდა, რუსეთის ტერიტორიაზე 95 მლრდ ტონა ნავთობის რესურსია, “მაგრამ თავისებურება ის არის, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი რთულად მოსაპოვებელია.“
ფედერაციის მთავრობის მიერ აპრილში დამტკიცებული “2050 წლამდე ენერგოსტრატეგიის” მიხედვით, რუსეთში ნავთობწარმოებამ კლება მომდევნო წლებში შესაძლოა, სწრაფად დაიწყოს. ინერციული სცენარის მიხედვით, წარმოება წელიწადში ამჟამინდელი 530-540 მლნ ტონიდან 2036 წლისთვის 477 მლნ ტონამდე, ხოლო 2050 წლისთვის 287 მლნ ტონამდე დაეცემა. ამ შემთხვევაში ნავთობის ექსპორტი სამჯერ, ანუ წელიწადში 234 მლნ ტონიდან 79 მლნ ტონამდე შემცირდება.
„სტრესული სცენარის“ მიხედვით, რომელიც დასავლეთის მიერ სანქციების გაზრდასა და მსოფლიოს მიერ ნახშირწყალბადებისგან მდგრადობაზე სწრაფ გადასვლას გულისხმობს, 2050 წლისთვის რუსეთი წელიწადში მხოლოდ 171 მლნ ტონა ნავთობს მოიპოვებს, რაც ამჟამინდელ მოცულობაზე სამჯერ ნაკლებია, ხოლო ექსპორტისთვის ბარელი საერთოდ არ დარჩება და მისი მოცულობა ნულამდე დაეცემა.
„სამიზნე სცენარისთვის,“ ანუ ნავთობმოპოვების ამჟამინდელი დონის შესანარჩუნებლად ქვეყანას მნიშვნელოვანი ინვესტიციები და „ტექნოლოგიური სუვერენიტეტის“ მიღწევა სჭირდება. დოკუმენტის თანახმად, საერთო ჯამში „კრიტიკულად აუცილებელი აღჭურვილობის“ 1500-ზე მეტი ერთეულის „შეცვლა“ არის საჭირო.
სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის საჭირო საბურღი აღჭურვილობისა და ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის 90%-ზე მეტი იმპორტირებულია. ასევე, იმპორტირებული რჩება სამთომოპოვებითი კომპანიების მიერ გამოყენებული სამთო აღჭურვილობის 50% და მიწისზედა გეოფიზიკური აღჭურვილობის 30%. მადნების ტექნოლოგიური კვლევისთვის საჭირო აღჭურვილობაში იმპორტის წილი 20%, ხოლო ჭაბურღილების კვლევისთვის საჭირო გეოფიზიკურ აღჭურვილობაში 10%-ია.