21 მაისს, მცხეთის სასამართლოში 24 წლის გალინა ნოზაძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა და განსასჯელის სკამზე მყოფ მის ქმარს, 34 წლის თემურ ყარალაშვილს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 12 ნოემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ბრალდებულმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული 2024 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ პუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
იმ საბედისწერო ღამით, გალინა სამ მცირეწლოვან შვილთან, ქმართან და დედამთილ-მამამთილთან ერთად, დაახლოებით 20 კვადრატულ მეტრ სახლში იყო. სწორედ ამ ფიცრულ სახლში, სადაც მხოლოდ ერთი ოთახი ჰქონდათ ცხოვრობდა მთელი ოჯახი. 12 ნოემბრის, შუაღამეს ქმარმა ცოლს ამ ოთახში გადაასხა საწვავი და წაუკიდა ცეცხლი.
ცნობილია ისიც, რომ ამ ფაქტს შეესწრო სამივე შვილი და მამამთილი. 112-ში გალინას დედამთილმა, მზია გიუაშვილმა დარეკა და სასწრაფო გამოიძახა, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ ცეცხლი რძალს მისმა შვილმა წაუკიდა, მხოლოდ ის თქვა, რომ სახლს ცეცხლი წაეკიდა და გოგო დაიწვა.
"ფაქტი ღამის საათებში მოხდა. სოციალურად დაუცველი ოჯახია. ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა გალინა სამ შვილთან და მეუღლესთან, თემურ ყარალაშვილთან ერთად და ასევე, იმ ერთ ოთახში ცხოვრობს თემურის დედ-მამაც. პატარა ფიცრული სახლი უდგათ... ეტყობა თემური მთვრალი იყო... მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ბენზინი თმებში შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბავშვებიც შეესწრნენ ამას. უფროსი შვილი 5 წლის არის, მეორე სამი წლის და პატარა წლინახევრის.
როგორც ვიცი, თემურის დედამ დარეკა 112-ში და გამოიძახეს მაშველები, სახანძრო, პოლიცია, სასწრაფო. ყველა მალე მოვიდა და ცეცხლმოკიდებული ქალი დახვდათ. ცეცხლი ჩააქრეს, მაგრამ სულ დამწვარი გოგო უმძიმესი დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში", - ამბობდა ჩვენთან საუბარში პირველივე დღეს ადგილობრივი.
საქმის პროკურორი ნათია კიკალია სასამართლოზე ამბობდა, რომ ქალის დამწვრობის ნამდვილი მიზეზი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ, 13 ნოემბერს გაირკვა.
„დადასტურდა, რომ 2024 წელის 12 ნოემბერს, დაახლოებით 23 საათსა და 25 წუთზე, თემურ ყარალაშვილმა ცეცხლი წაუკიდა მეუღლეს. ფარული საგამოძიებო მოქმედება მას შემდეგ ჩატარდა, რაც მამა-შვილი უარყოფდნენ თემურ ყარალაშვილის მხრიდან განხორციელებულ ქმედებას, თითქოს მათ არ იცოდნენ, როგორ დაიწვა გალინა ნოზაძე“, - თქვა პროკურორმა სასამართლო სხდომაზე. სწორედ ამის შემდეგ აღიარა ბრალდებულის მამამ, გურამ ყარალაშვილმაც, რომ რძლის დაწვის მომენტს ის შეესწრო.
უმძიმესია გურამ ყარალაშვილის გამოკითხვის ოქმში აღწერილი დეტალები:
"23 საათსა და 10 წუთზე გამაღვიძა ჩხუბის ხმამ. დავინახე, ოთახში, კართან იდგა ჩემი შვილი და ცოლს ეჩხუბებოდა, აგინებდა დედას. როცა გალინამ ოთახიდან გასვლა დააპირა და ზურგით შეტრიალდა, თემურმა აიღო ოთახის კართან მდგარი ერთლიტრიანი ბოთლი, რომელშიც ესხა დიზელი, ღუმლის ასანთებად ვიყენებთ. ჩემმა შვილმა ხელი მოუჭირა ბოთლს და საწვავი ბეჭებზე შეასხა გალინას. ამის შემდეგ, სანთებელა აანთო და ბეჭებზე მოუკიდა ცეცხლი. ქალს ცეცხლი ჯერ ზურგზე მოედო, შემდეგ მთელ სხეულზე.
ამის დანახვისთანავე წამოვდექი საწოლიდან და დავუძახე თემურს, რას შვრები-მეთქი?! გალინამ ორივე ხელი აიფარა სახეზე, რომ ცეცხლი სახეზეც არ მოსდებოდა და თან დახმარებას ითხოვდა განწირული ხმით. გალინას 2-3 წუთის განმავლობაში ეკიდა ცეცხლი. ამის შემდეგ, ჩემმა შვილმა აიღო ქურთუკი და მიაფარა ზურგზე“.
გალინას სხეულის 53 პროცენტი დამწვარი ჰქონდა და ხეჩინაშვილის კლინიკაში ერთი თვე ებრძოდა სიკვდილს. ის კლინიკაში ყოფნის დროს გონზეც მოვიდა, თუმცა ლაპარაკი უჭირდა.
"ყოველ დღე ცუდ ამბავს ველოდებოდით, გონზე რომ მოვიდა, იმედი გაგვიჩნდა, რომ გადარჩებოდა. ძალიან უჭირდა საუბარი, სიტყვების წარმოთქმის დროს დაძაბული იყო. სულ ბავშვებს კითხულობდა, ბავშვები დამანახეთო. სანამ დაიღუპებოდა წინა ოთხშაბათს მოვინახულე და ვუთხარი, არ ინერვიულო, ბავშვები კარგად არიან, ჩვენთან არიან, რომ გამოკეთდები ყველაფერს მოევლება-მეთქი. 25 წლის კლინიკაში გახდა, ფეხების გარდა ყველაფერი დამწვარი ჰქონდა. იმდენად დამწვარი იყო, ტანსაცმელსაც ვერ აცმევდნენ... მოვითხოვთ, რომ დამნაშავე უმკაცრესად დაისაჯოს. სრულიად უდანაშაულო გოგოს ცეცხლი წაუკიდა და ცოცხლად დაწვა. ამაზე მეტი სისასტიკე რა უნდა იყო" - ამბობდა "კვირის პალიტრასთან" გალინას და, მადონა ნოზაძე.
საქმის მასალებით გაირკვა, რომ გალინა ნოზაძე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამის შესახებ იცოდნენ მეზობლებმაც. ინფორმაცია ჰქონდა გალინას დედასაც, თუმცა ის ამბობს, რომ შვილი სთხოვდა ეს არ გაეხმაურებინა. 2024 წელს დედა შეესწრო თემურ ყარალაშვილის მიერ გალინა ნოზაძის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, გალინამ დედას უთხრა, რომ ქმარი მას ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა, ურტყამდა წიხლებს მუცელში, თუმცა ამ ფაქტის გახმაურება გალინას არ სურდა, არ უნდოდა, რომ თემურს ბავშვებისთვის და მისთვის რაიმე უფრო მეტი დაეშავებინა. ასმათ მეტრეველი ამბობს, რომ შვილმა სთხოვა არ გაეხმაურებინა ძალადობის ფაქტი. ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა სასამართლოზე დედა, ასმათ მეტრეველი. თემურ ყარალაშვილის ადვოკატი სასამართლოზე ირწმუნებოდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ თემურ ყარალაშვილს ცოლის მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია და არც პროკურატურის წარდგენილ ბრალს გენდერული დისკრიმინაციის მოტივს ეთანხმებოდა, ამბობდა, ამ მოტივზე არცერთი მტკიცებულება არ მიანიშნებსო. დაზარალებულის ოჯახის ინტერესს ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ იცავს.
ორგანიზაციის იურისტი, გვანცა ჯოჯუა გამოტანილი განაჩენით კმაყოფილია. ამბობს, რომ მოსამართლემ სრულად გაიზიარა საქმეში არსებული მტკიცებულებები.
"სასამართლომ სრულად გაითვალისწინა როგორც დაზარალებულის ოჯახის პოზიცია, ასევე პროკურატურის პოზიცია და წარდგენილი მტკიცებულებები. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში თემურ ყარალაშვილი და მას მიუსაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რაც იყო მოთხოვნილი დაზარალებულის დედის მხრიდან. ამ განაჩენის მოლოდინი ჰქონდა საზოგადოებას, რომ სამართლიანი სასჯელს მიიღებდა განსასჯელი. უტყუარი მტკიცებულებები წარდგენილი ჰქონდა პროკურატურას და მოსამართლემ ამ განაჩენით დაადასტურა როგორც განსაკუთრებული სისასტიკე, ასევე გენდერული შეუწყნარებლობის მოტივი. მართლა ძალიან ბევრი მტკიცებულება იყო საქმეში, მეზობლების ჩვენებებიც, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ გენდერული თანასწორობის მოტივით მოხდა ეს დანაშაული. თავად ბრალდებულს არ მიუცია ჩვენება სასამართლო პროცესზე და მან მხოლოდ საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა. ბრალდებულმა ფაქტი აღიარა, აღიარა რომ შეასხა საწვავი ცოლს, თუმცა ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და არ ადასტურებს, რომ მისი მოკლის განზრახვა ჰქონდა. მისი უფლებების დამცველიც ამბობდა, რომ მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და პირიქით იქით ეხმარებოდა მას, როცა ცეცხლი წაეკიდა და ცდილობდა მის გადარჩენასო, თუმცა საპირისპიროს მეტყველებდა რეალობა და საქმეში არსებული ფაქტები. მოსამართლე ამოვიდა ამ რეალობიდან და გამოიტანა სამართლიანი ვერდიქტი. ახალგაზრდა ქალს სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები ჰქონდა, სხეულის 56 პროცენტი დამწვარი ჰქონდა. სამწუხაროდ გარდაიცვალა. გალინას დედა და ნათესავები დაესწრნენ განაჩენის გამოტანას. ამაზე უფრო მძიმე დანაშაული არ ვიცი რა უნდა იყოს. ახალგაზრდა გოგო, სამი შვილის დედა ცოცხლად დაწვა ბავშვების თვალწინ. ეს არის გაუგონარი დანაშაული", - ამბობს უფლებები საქართველოსთვის იურისტი გვანცა ჯოჯუა.
გალინას სამი შვილი დარჩა, ისინი ახლა ბებიასთან, გალინას დედასთან იზრდებიან.
უფლებები საქართველო“ საქმეში 2024 წლის 26 დეკემბრიდან, გარდაცვლილის დედის მიერ მომართვის შემდეგ ჩაერთო. მოკლული ქალის ოჯახის წევრებისა და სხვა მოწმეების ჩვენებებიდან, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებებიდან დაადგინა, რომ, სასტიკ მკვლელობამდე, ქმარი ახალგაზრდა ქალის მიმართ სისტემატურად ძალადობდა. 2025 წლის 16 აპრილის სხდომაზე, დედამ სასამართლოს მოუწოდა მოძალადის მიმართ ყველაზე მკაცრი სასჯელის სახისა და ზომის, უვადო თავისუფლების აღკვეთის, გამოყენებისკენ. ბრალდებული ბრალს არ აღიარებდა და უთითებდა, რომ ცოლისთვის აალებადი ნივთიერების შესხმისა და ცეცხლის წაკიდების დროს მისი მოკვლა არ სურდა. მოსამართლე რევაზ ნადოიმ მხედველობაში მიიღო დანაშაულის სისასტიკე, მოძალადის დამოკიდებულება მოკლული ცოლის მიმართ, მოწმეთა ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. სასამართლომ მოძალადე დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მიიჩნია რომ მკვლელობა ჩადენილი იქნა ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით.
წყარო: https://kvirispalitra.ge