ადვოკატი - თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულ რამდენიმე პირს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთ-ერთ ბიჭს კი „პრინცესას“ ეძახდნენ

ადვოკატი - თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულ რამდენიმე პირს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთ-ერთ ბიჭს კი „პრინცესას“ ეძახდნენ

18 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 384

სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც პოლიციამ თვალჭრელიძის ქუჩაზე დააკავა, სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთ-ერთ დაკავებულ ბიჭს ეძახდნენ „მოდი, პრინცესავ, უნდა დაგაკავოთო“, - ამის შესახებ ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, პოლიციამ სულ 17 პირი დააკავა, საიდანაც ნაწილი მცხეთის, ნაწილი კი კახეთის იზოლატორებში არიან გადაყვანილები. მისივე განმარტებით, ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია, რომ ვინმე გამოეშვათ. მცხეთის იზოლატორში მოვინახულე დაკავებული პირები, რომლებმაც მითხრეს, რომ პოლიციელებმა მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთმა მითხრა, რომ როდესაც მანქანაში სვამდნენ, მას პოლიციამ სახეში ხელი გაარტყა და ისე ჩასვეს და ძალადობის კვალი აღენიშნება. ასევე, ერთ-ერთ ბიჭს დამცინავად ეძახდნენ „პრინცესას“ - „ მოდი, პრინცესავ, უნდა დაგაკავოთ“, „პრინცესა წაიყვანეთ“. ამით უნდოდათ საზოგადოებაში მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ.

ასევე, კიდევ ერთ დაკავებულ ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თმებით წაათრიეს იმ მანქანისკენ, რომელშიც უნდა ჩაესვათ, ფერდებში ჩაარტყეს, როცა მიჰყავდათ. გადაიყვანეს შსს-ს შენობაში, სადაც ის შეუძლოდ გახდა და გამოიძახეს სასწრაფო, დაუდგინდა სხვადასხვა დაზიანება და ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა ეს ადამიანი სასწრაფო დახმარებით საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ და დღეს ისევ იზოლატორში იმყოფება“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლების პროცესი გუშინ დაიწყო. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები. დილიდან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. როგორც მცხოვრებლები აღნიშნავენ, გამოსახლება კერძო მესაკუთრის საფუძველზე ხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე დღის განმავლობაში 17 პირი დააკავეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე