ალექსანდრე დარახველიძე - გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ - ყოველწლიურად 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი კვდება

ალექსანდრე დარახველიძე - გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ - ყოველწლიურად 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი კვდება

1 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 88

“გასულ 2024 წელს, ავარიების შედეგად 7 587 დაშავების შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა - 444 ადამიანი, ხოლო მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, 6 041 ადამიანია დაშავებული, გარდაიცვალა - 345 ადამიანი. ავარიების შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი წინა წლის 9-თვიან პერიოდთან შედარებით 41 ერთეულით არის გაზრდილი, ხოლო დაშავების მაჩვენებელი - 637 ერთეულით.

ასევე, გაზრდილია ავარიების რაოდენობა. ყველაზე ხშირად ავარიებს და დაშავების შედეგებს სიჩქარის გადაჭარბება იწვევს. გასულ წელს სიჩქარის გადაჭარბებაზე მილიონნახევარზე მეტი ჯარიმა დაიწერა. სიჩქარის გადაჭარბების მაჩვენებელი საერთო სამართალდარღვევის ჭრილში 41.96%-ით არის გაზრდილი“, - განაცხადა დარახველიძემ.

შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა.

“წლევანდელი წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში უკვე რეგისტრირებულია 1 972 692 ავტომობილი, რაც ჩვენს მოქალაქეების საკუთრებაშია. რაც შეეხება საზღვარგარეთიდან შემოსულ ავტომობილებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში 1 151 943 ავტომობილი შემოიყვანეს. ჯამში, ქვეყანაში 3 მილიონ 100 000-ზე მეტი ავტომობილის მობილობა გვაქვს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობას ზრდის“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის ამოქმედების შედეგად, მძღოლებისთვის საგზაო წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება და დაწესებული ჯარიმები იზრდება.

შს სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად:

100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 20 ქულით შემცირდება;

50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 10 ქულით შემცირდება.

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის.

დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე.

დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება “BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე