ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლოში დღეს ეკა გიგაურს გამოკითხავენ

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლოში დღეს ეკა გიგაურს გამოკითხავენ

2 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 106

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელს ეკა გიგაურს გამოკითხავენ. გიგაური სასამართლოში უკვე მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე აბსურდულია და გამოძიების მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინებაა.

„ე.წ. პირბადეების საქმეზე დამიბარეს. ის, რომ საქმე არის აბსურდული, ამაზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს.

ჩვენს შემთხვევაში ჩვენი არც ანგარიშებია დაყადაღებული და არც პირბადე შეგვიძენია, თუმცა აბსურდულობაზე მიუთითებს, რომ შეუძლებელია პირბადის შეძენით სახელმწიფოს რაიმე დაუშავო.

გამოძიებისათვის ეს მთავარი არ არის - გამოძიების მთავარი მიზანია, რომ არასამთავრობო სექტორი დააშინონ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არ ვიბრძოლოთ, არ დავიცვათ მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.

ძალიან ბევრი წელია მოქალაქეებს, რომელთა უფლებებიც სახელმწიფოს მხრიდან ირღვევა, იურიდიული კონსულტაციით ვეხმარებით. ზუსტად ეს აღიზიანებს დღეს სახელმწიფოს - მათ უნდათ, რომ ჩვენი მოქალაქეები დაცვის გარეშე დარჩნენ, მაგრამ ეს არ მოხდება და ჩვენ ჩვენს საქმიანობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა სასამართლოში შესვლამდე.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის: - “სამართლიანი არჩევნების“, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", “დემოკრატიის მცველების", “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის", “საფარის", “სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო.

საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე