გორის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვარზე „სკრა ჰესის“ მშენებლობა იგეგმება. პროექტს „ენ-სი ჯგუფი 2022“ ახორციელებს. კომპანიამ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში გარემოს ეროვნული სააგენტოს უკვე წარუდგინა.
გზშ-ს თანახმად, ჰესის სოფელ სკრას მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. კალაპოტური ტიპის ჰესის დადგმული სიმძლავდრე 14.8 მგვტ. იქნება.
„სკრა ჰესის“ შემადგენლობაში იქნება შემდეგი ინფრასტრუქტურა:
- სათავე ნაგებობა (წყალსაგდები, წყალსაშვიანი კაშხალი);
- თევზსავალი კვანძი;
- წყალმიმღები;
- სააგრეგატო ბლოკი;
- ჰესის ზედა ბიეფში მოწყობილი ნაპირდამცავი დამბები;
- კაშხლის ქვედა ბიეფში მოწყობილი გაბიონები.
„სკრა ჰესის სააგრეგატო შენობის უშუალო სიახლოვეს, დაგეგმილია 110 კვ ძაბვის სატრანსფორმატორო ქვესადგურების მოწყობა, საიდანაც ელეტროენერგია 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით დაკავშირებული იქნება მტკვარის ჰესების კასკადის პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ურბნისი ჰესის 220/110 ძაბვის შემკრებ ქვესადგურთან, რომელიც დაახლოებით 3 კმ სიგრძის 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზით დაუკავშირდება საპროექტო 220 კვ ძაბვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს ქვესადგურს „ურბნისი 220“-ს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
რაც შეეხება პროექტის განმახორციელებელ კომპანიას, შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“ სამეწარმეო რეესტრში 2022 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორის პოსტს ბოლო მონაცემებით გოჩა მუსელიანი იკავებს, წილების 100%-ს კი სრულად კოკა კოკოლაშვილი ფლობს.
აღსანიშნავია, რომ „სკრა ჰესი“ წარმოადგენს „ენ-სი ჯგუფი 2022“-ის მიერ დაგეგმილი 208 მგვტ დადგმული სიმძლავრის „მტკვრის ჰესების“ კასკადის შემადგენელ ნაწილს. მტკვარი ჰესების კასკადი მოიცავს ჯამში 13 კალაპოტური ტიპის ჰესის მშენებლობას. ეს ჰესები განთავსებული იქნება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანს შორის ტერიტორიაზე.
უფრო კონკრეტულად, მტკვარი ჰესების კასკადი ითვალისწინებს შემდეგი ჰესების მშენებლობას:
- კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტები „ქსანი 1 ჰესი“ და „ქსანი 2 ჰესი“;
- კასპის მუნიციპალიტეტი, „გრაკალი ჰესი“;
- გორის მუნიციპალიტეტი, „სკრა ჰესი“;
- ქარელის მუნიციპალიტეტი, „ქარელი ჰესი“;
- ქარელის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვარზე „ურბნისი ჰესი“;
- ხაშურის მუნიციპალიტეტში, „გომი 1“ და „გომი 2“ ჰესები;
- ხაშურის მუნიციპალიტეტში, „ქვიშხეთი 1“ და „ქვიშხეთი 2 ჰესები“;
- ქარელის მუნიციპალიტეტში, „ახალსოფელი ჰესი“;
- კასპის მუნიციპალიტეტში, „კასპი ჰესი“;
- ხაშურის მუნიციპალიტეტში, „ოსიაური ჰესი“.