ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს ინტერვიუს, სადაც მე რუსებს არა დადებითად, არამედ ზიზღით არ მოვიხსენიებ,- ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც მის მიერ The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
როგორც დავით რაზმაძე აღნიშნავს, რუსეთი არის დამპყრობი და მოძალადე, ხოლო „მისი მშვიდობისმყოფელობა წარმოუდგენელია“.
„მე ალბათ ყველა საინფორმაციო საშუალებას გავცემ პასუხს ჟურნალისტის აშკარა ცილისწამებაზე! მაგრამ აქ დავაფიქსირებ, რომ არასოდეს ჩემი ცხოვრების მანძილზე ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს ინტერვიუს, სადაც მე რუსებს არა დადებითად, არამედ ზიზღით არ მოვიხსენიებ! ეს ჟურნალისტი შემრჩა ხელში, „სააკაშვილის ადვოკატი“! რუსეთის არსებობის მანძილზე არის დამპყრობი და მოძალადე! მისი მშვიდობისმყოფელობა წარმოუდგენელია! მათი ლიდერი პუტინი არის ეშმაკის მოციქული, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე და არსებობა არაფერს წარმოადგენს!“ - წერს დავით რაზმაძე.
ინფორმაციისთვის, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“.