ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება ყველასთვის, მათ შორის იმ ინსტიტუციისთვის, რომელსაც ის წარმოადგენდა - რა თქმა უნდა, მან ყველა რისკი გათვალა და უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა ალბათ, არავისთვის იქნებოდა სასურველი - დეტალები თავისთავად მეტ სიბინძურეს ქმნის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქმის ორივე მხარე იაზრებდა ამ საკითხის სენსიტიურობას და თანამშრომლობა „ამ მტკივნეული, სენსიტიური და ბევრკომპონენტიანი პროცესის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“.
„ბუნებრივია, რომ ოჯახის წევრები განსაკუთრებულად განიცდიან ამ ყველაფერს და ნაწყენები იქნებიან ამ კუთხით, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ითანამშრომლა გამოძიებასთან. მათ შორის, გამოძიებასთან თანამშრომლობის გაგრძელებაა ის, რომ არა სასამართლო პროცესებით, არამედ საპროცესო შეთანხმებით და ამ ფორმით დასრულდა ეს ყველაფერი. ორივე მხარე იაზრებდა ამ საკითხის სენსიტიურობას და ვფიქრობ, ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება ამ მტკივნეული, სენსიტიური და ბევრკომპონენტიანი პროცესის.
თუ ირაკლი ღარიბაშვილის ახლობლები მოითხოვენ სასამართლო პროცესს, ვისაც ეს შეეძლო, რომ უზრუნველეყო, ეს თავად ირაკლი ღარიბაშვილი იყო, მაგრამ მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც გამოძიებასთან ითანამშრომლა.
ჩემი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება ყველასთვის, მათ შორის იმ ინსტიტუციისთვის, რომელსაც ის წარმოადგენდა. ის იყო პრემიერ-მინისტრი და რა თქმა უნდა, საკმაოდ მტკივნეული და დამაზიანებელია ყველასთვის რომ ამ პოზიციაზე მყოფი ადამიანი, რომელიც საკმაოდ დიდი რეიტინგით სარგებლობდა, ამ ბრალის წინაშე აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ყველა რისკი მან გათვალა და უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა ალბათ, არავისთვის იქნებოდა სასურველი. მათ შორის სასამართლო პროცესები ამას უზრუნველყოფს ხომ? უამრავი მოწმე იკითხება, ფაქტი საჯაროვდება და ალბათ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღო ეს გადაწყვეტილება, რასაც ჩემი გადმოსახედიდან ნამდვილად ვეთანხმები”, - განაცხადა წილოსანმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, რა იქნებოდა მეტი სიბინძურე, წილოსანმა უპასუხა, რომ „დეტალები თავისთავად მეტ სიბინძურეს ქმნის“.