ავტომობილზე სპეციალური ციმციმა სიგნალის დაყენებისთვის 2 ათას ლარიანი ჯარიმა წესდება - აღნიშნულს გულისხმობს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოს კანონმდებლობით სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენება მხოლოდ ცალკეული სატრანსპორტო საშუალებების მიერ არის დასაშვები.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სატრანსპორტო საშუალებებზე დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობითგათვალისწინებული ფერის სპეციალური ციმციმის დაყენება, ხოლო სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენების თანხმობა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ.
„საგულისხმოა, რომ პრაქტიკაში მოქალაქეთა მხრიდან გახშირდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერების გარდა, სხვა ფერის სპეციალური სიგნალების დაყენების შემთხვევები, ხოლო მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რომ აღნიშნული ქმედება იდენტიფიცირდეს, როგორც სამართალდარღვევა, შესაბამისად, აუცილებელია პასუხისმგებლობა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენებისთვის,“ - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორების შეფასებით, ავტომობილზე შეცდომაში შემყვანი, სპეციალური ციმციმა სიგნალის დაყენებაზე საჭიროა დაწესდეს როგორც ფულადი სანქცია, ასევე მოხდეს მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა შემცირებაც.
„პასუხისმგებლობა წესდება სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენებისთვის. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შემცირებას 15 ქულით.
დასჯადი იქნება ქმედების განმეორებით ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება,” - აღნიშნულია კანონპროექტში.