ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ბრალდებული წევრი, გელა ხასაია და ვასილ ქერდიყოშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ასევე, გადაისინჯა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება და ის ძალაში დარჩა.
პროკურორი მარიამ წულაია სხდომაზე განმარტავდა, რომ რაიმე ახალი გარემოება, რაც დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის საფუძველი გახდებოდა, არ გამოკვეთილა. წულაია პატიმრობის ძალაში დარჩენას ითხოვდა.
ხასაიას ადვოკატის, ომარ ფურცელაძის განმარტებით, შეფარდებული პატიმრობა უნდა შეცვლილიყო.
ადვოკატის თქმით, ხასაიას ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მის მიმართ 5 000-ლარიანი გირაო უნდა გამოყენებულიყო.
იგივე პოზიცია დააყენა ვასილ ქერდიყოშვილის ადვოკატმაც. სიტყვით ისარგებლა გელა ხასაიამაც.