"კანონში ცვლილებები შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს კონსტიტუციასთან - ომბუდსმენი მას შეაფასებს და შესაბამისი წინაპირობების შემთხვევაში, სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს" - სახალხო დამცველი
„როგორც დღეს საზოგადოებისთვის საკომიტეტო განხილვის დროს გახდა ცნობილი, პირველი მოსმენის შემდეგ, საკანონმდებლო პაკეტში გარკვეული ცვლილებები შევიდა და კიდევ უფრო გაფართოვდა დასჯად ქმედებათა ჩამონათვალი. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად ცხადდება „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.
სახალხო დამცველის მოსაზრებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე საქართველოს კონსტიტუციასთან და შექმნას დაწესებული შეზღუდვების ზედმეტად ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა.
გამომდინარე აქედან, საქართველოს სახალხო დამცველი შეაფასებს პარლამენტის მიერ საბოლოოდ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს,“ - ნათქვამია განცხადებაში.