ოლიმპიური კომიტეტის მრჩეველი ვარ და ბათუმში ჩამოვედი ღონისძიებაზე დასასწრებად, რომ მცოდნოდა ის ადგილზე იყო, ამ ყველაფერს ავირიდებდი - თუ შევცდი, ჩემი სიბრიყვეა, მაგრამ მე ამისთვის უნდა დამსაჯონ? - ის დახარბებული იყო ჩემს ქონებაზე, წლები წამართვა, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ვეტერანმა მოჭიდავემ, ლუკა კურტანიძემ განაცხადა.
ლუკა კურტანიძის თქმით, ქობულეთში სახლის კარები და ყველაფერი დამტვრეული დახვდა, „ეს იყო ვანდალურო დაზიანება, რომ პროვოცირება მომხდარიყო“.
„ქალბატონი ხათუნა 2012 წელს გავიცანი, მცირეწლოვანებთან ერთად ნაქირავებში ცხოვრობდა. იმ მცირეწლოვანებს რომ არ ეგრძნოთ, ჩემ შვილებზე ნაკლები იყვნენ, ჭავჭავაძის ქუჩაზე ბინა და ავტოფარეხი გადავეცი საჩუქრად. ყველასგან მიტოვებულ ადამიანს, რომელიც ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა, მივეცი არამარტო სახლ-კარი, პეტრას ციხესთან სამოსახლო ვუყიდე და გადავეცი, რათა ჩემს შვილებთან ერთად სრულყოფილება ეგრძნო. ჩავკიდე ხელი და მსოფლიო შემოვატარე. როდესაც პარლამენტის წევრი გავხდი, პირველად მითხრა, რომ რაც შენ გაბადია, ყველაფერი რაც გაგაჩნია გადმომიფორმეო.
პირველი ოჯახი მე დამენგრა და ამ ოჯახს ძალიან ვუფრთხილდებოდი. აქ ფაქტებზე ვსაუბრობ, თქვენთვის საინტერესო იქნება ბატონო მოსამართლევ საქმის წარმოებისას.
წლების განმავლობაში მეგონა ბედნიერი ვიყავი, 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონობა მოვიპოვე, ბედნიერი ვიყავი, ვემსახურებოდი ჩემს ოჯახს. 2019 წლის 19 ოქტომბერს ის წავიდა. 2019 წლის 23 ოქტომბერს შევხვდი მანქანით, საკონტაქტო ვთხოვე, ამ თხოვნა-მუდარაში პატრული გამოიძახა და ძალადობს ფსიქოლოგიურადო, განუცხადა. ერთთვიანი შემაკავებელი ოქმი შეადგინეს. დროთა განმავლობაში თხოვნა-მუდარა მქონდა მაგრამ უშედეგოდ. წლების შემდეგ, 2021 წელს, მისი ინიციატივა იყო, რომ თუ გინდა ოჯახი აღვადგინოთ სხვადასხვა ლოკაციაზე უძრავი ქონების თანამესაკუთრე გამხადეო, ის დაჟინებით ითხოვდა თანამესაკუთრეობას. ახალი ჩამოსული ვიყავი საბერძნეთიდან. მინდოდა ბედნიერება აღმედგინა და ხელი მოვაწერე, სამ ლოკაციაზე თანამესაკუთრე გავხადე, იმ დღესვე მითხრა რომ [ჩემთან] აღარ გაჩერდებოდა, იმ დღის შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა. მე ვეუბნებოდი ტელეფონით ოჯახი აღგვედგინა, მან მიპასუხა გადავიფიქრეო.
ბაია პატარაიას ბიუროშია, იმ არასამთავრობოებში, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ჩხირივით აქვს ყელში. ამ ჯგუფმა ხან რა შოუ მოამზადა ტელევიზიებში, ხან რა.
ამ ლოკაციებზე, სადაც ხათუნა ცხოვრობდა, არც ერთხელ მიფიქრია, რომ მივსულიყავი. ბორჯომის ხეობაში ვცხოვრობ. 22 ივლისს ჩამოვედი ქობულეთში. ოლიმპიური კომიტეტის მრჩეველი ვარ და მე და სოფია ბათუმში ღონისძიებას უნდა დავსწრებოდით. სახლის კარი და ყველაფერი დამტვრეული დამხვდა. მთელმა ქობულეთმა იცის, როგორ ვაშენებდი ამ ყველაფერს.
23 ივლისს ღონისძიებას რომ უნდა დავსწრებოდი, ასეთი სურათი დამხვდა. გამოვიძახეთ პოლიცია, რომ ფაქტი დაფიქსირებულიყო. პოლიცია მოვიდა, ყველაფერი დააფიქსირა, დამტვრეული კარები, ექსპერტიზა ჩატარდა, ოქმიც შედგა, დავიკითხეთ მე და სოფიო, ვთხოვე პოლიციას დაცული ვყოფილიყავი. ეს იყო ვანდალურო დაზიანება, რომ ჩემი პროვოცირება მომხდარიყო.
წლების განმავლობაში ხმამაღლა ვამბობდი, რომ ჩემი სახლიდან წასულიყო, გათრეულიყო. არ ვამაყობ ამით, მაგრამ მადლობის ნაცვლად ამდენი მტრობა მივიღე. თუ შევცდი, ჩემი სიბრიყვეა, მაგრამ მე ამისთვის უნდა დამსაჯონ? ღმერთს მივენდე, ამისთვის უნდა გავიარო ის პროცედურები?“, - განაცხადა ლუკა კურტანიძემ, რის შემდეგაც იტირა.
მისი თქმით, ტელეფონის წართმევას რომ ცდილობდა, არ უარყოფს.
„ჩემი ემოცია არც მე მომწონს, ამას სინანულში ვატარებ. ყველა სტრუქტურა, რომელიც ჩათვლის, სადაც დამიბარებენ მზად ვარ. მინდა ვემსახურო ჩემს სახელმწიფოს, არსად მივიმალები. სად უნდა წავიდე ბატონო პროკურორო, ბოლოს და ბოლოს სტალინი იჯდა ციხეში. მე მზად ვარ ყველა კომუნიკაციისთვის, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ.
ის დახარბებული იყო ჩემს ქონებაზე, წლები წამართვა, სიცოცხლე. ყველაზე მთავარი იყო ჩემი ემოცია, სიბრიყვე, რომელიც გამოიყენა ქალბატონმა. მიისაკუთრა ჩემი ქონება. წლების განმავლობაში ეს ქონებები მოგროვებული მაქვს მაშინ, როდესაც სხვა ქმარი ჰყავდა. ყველა ქონება გადმოვიფორმე, გარდა ქობულეთისა, სადაც რაღაც ხარვეზია, ამასაც გავასწორებ და მზად ვარ ამ ადამიანის სიხარბე დავაკმაყოფილო, მზად ვარ ჩემი ქონების გაყოფით დავაკმაყოფილო. უფალს არაფერში სჭირდება ჩემი შენობა - ნაგებობა და ჩინ-მედლები. სადავო არავისთან არაფერი არ მაქვს, ეს ყველაფერი მე თვითონ შევქმენი. მიუხედავად ამისა ეს ადამიანი პროვოკაციებს არ ეშვება“, - განაცხადა კურტანიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს, ლუკა კურტანიძეს პროკურატურამ ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარუდგინა, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.