„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის ლიდერებთან ერთად, თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
როგორც პარტია წერს, საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის პატიმრობის საკითხს.
პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ აშშ-თან ურთიერთობის აღდგენისთვის აუცილებელია, ქართველ ხალხს წარმოადგენდეს პროდასავლური ხელისუფლება.
„ჩვენ ახლა დავასრულეთ შეხვედრა თეთრ სახლში ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან. მინდა, დადასტურებით ვუთხრა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ საქართველო, ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი აშშ-ისთვის. ასევე ესმით, რომ სამხრეთ კავკასიაში და ჩვენს რეგიონში ვერ იქნება მშვიდობა თუ საქართველოში არის რეჟიმი, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, ატყვევებს საკუთარ ოპონენტებს, ეს ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისგან. ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის, კეთილდღეობისთვის და აშშ-თან ურთიერთობის აღდგენისთვის აუცილებელია, ქართველ ხალხს წარმოადგენდეს პროდასავლური, პროამერიკელი და, რაც მთავარია, პროეროვნული ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, რომ გავხდეთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი, მოიყვანს სისრულეში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.