საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ დამატებული შესწორებები გააკრიტიკა.
როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული შესწორებები, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება მრავალი თვალსაზრისით აბსურდულია.
„პირველი ორი წინადადება ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის ანგარიშის მიგნებებს. შესაბამისად, მსურს ვკითხო პოლონელ დეპუტატს, რომელიც ამ ინიციატივის ავტორია, რატომ ცდილობს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის სანდოობისთვის ძირის გამოთხრას? რა აზრი აქვს სადამკვირვებლო მისიების არსებობას, თუკი ასამბლეის ზოგიერთი წევრი მაინც ეჭვქვეშ დააყენებს მას პირადი პოლიტიკური ინტერესების და იმის გამო, რომ არ მოეწონათ არჩევნების შედეგები და თან მეგობრები ჰყავთ ოპოზიციურ პარტიებში... თუ დღეს ხდება საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების შინაარსის დამახინჯება, სიცრუის გავრცელება და პიროტექნიკითა და „მოლოტოვის“ კოქტეილებით „შეიარაღებული“ თავდამსხმელების მშვიდობიან მოქალაქეებად მონათვლა, ხვალ, ამავე ლოგიკით, შეიძლება გვიწოდონ სპილოები და თუ უმრავლესობას ეს ტერმინი მოეწონება, მაშინ მსგავსი აბსურდი შეიძლება რეზოლუციაში მოხვდეს“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, საქართველო ეუთო-ს აქტიური წევრია და ეუთო-ს საქართველოში პატივს სცემენ. დამატებით პუნქტებში ასახული აბსურდული განცხადებებით კი, ეუთო დაკარგავს ქართულ საზოგადოებაში სანდოობას.
ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას, ასევე ისაუბრა ანგარიშში გაკეთებულ იმ შესწორებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საგანგაშოა რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ხელისუფლების კავშირების გაძლიერება.
„ვფიქრობ, ამ ასამბლეის წევრთა უმრავლესობამ იცის, რომ საქართველო ამ ასამბლეაში, უკრაინასთან ერთად, ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, რადგან საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რა სახის კავშირების გაძლიერებაზეა საუბარი? ვფიქრობ, ინიციატივის ავტორმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, თუ რა კავშირების გაძლიერებაზე საუბრობს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს საკითხს, რომელიც განიხილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ეს თემა სცდება ეუთო-ს უფლებამოსილებას.
საუბრის დასასრულს ნიკოლოზ სამხარაძემ გააკრიტიკა შესწორება, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს ძალაუფლების კონსოლიდირება, რისთვისაც შესაბამის კანონებს იღებენ.
„მოხარული ვიქნები მოვისმინო, რომელ კანონებზეა საუბარი, არის თუ არა ისინი ანტიდემოკრატიული ან არაკონსტიტუციური და რა დებულებებია ამ კანონებში. არ შეიძლება რომ მტკიცებულებების გარეშე ვისროდეთ რაღაც განცხადებებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ეუთო ეგზისტენციალურ კრიზისშია, რადგან მან ვერ შეძლო შეეჩერებინა რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოსა და უკრაინაში.
„ჩვენი დებატების თემა არის ეუთო ჰელსინკიდან 50 წლის შემდეგ. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ორგანიზაცია ახლა ეგზისტენციალური კრიზისის წინაშეა. ის უსაფრთხოების არქიტექტურა, რომლის შექმნასაც ის ცდილობდა წევრი სახელმწიფოებისთვის, უკვე დანგრეულია. ჩემი ქვეყნის სუვერენული ტერიტორიები უკვე 17 წელია ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საერთაშორისო თანამეგობრობა ვერაფერს ახერხებს სტატუსკვოს შესაცვლელად“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წევრის მცდელობაზე, „გააჩუმონ და ორგანიზაციიდან გარიცხონ დელეგაციის ის წევრები, რომლებიც არ იზიარებენ მათ მოსაზრებებს“.
„ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ასამბლეის რამდენიმე წევრმა წერილით მიმართა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს, რომ ქართული დელეგაციის წევრები არ შემოეშვა ქვეყანაში. ეს არის სამარცხვინო ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ეუთო-ს და ზოგადად პარლამენტარიზმის პრინციპებს“, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.