პროკურატურამ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, ბრალდება კიდევ 16 პირს, მათ შორის ერთს, ირაკლი შაიშმელაშვილს, დაუსწრებლად წარუდგინა

პროკურატურამ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, ბრალდება კიდევ 16 პირს, მათ შორის ერთს, ირაკლი შაიშმელაშვილს, დაუსწრებლად წარუდგინა

8 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 147

საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 16 პირს, მათ შორის, ირაკლი შაიშმელაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.

პასუხისგებაში მიცემული 16 პირიდან, მხოლოდ მარიამ მეყანწიშვილი იქნება გამონაკლისი, რომლის მიმართაც უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას, დანარჩენების მიმართ კი პატიმრობას მოითხოვს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ იური ლომიძემ, გიორგი ტალახაძემ, დავით გიუნაშვილმა, თემურ ქურციკიძემ, გენადი კელიხაშვილმა, დათო ღურწკაიამ, რამაზ ჯორბენაძემ, ჯანდრი თირქიამ, გია თოლორაიამ, გური ჟვანიამ, კახაბერ კვაჭანტირაძემ, სიმონ მახარაძემ, ავთანდილ თოფჩიშვილმა, მიხეილ თოლორაიამ სხვა პირებთან ერთად, ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ. შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცავების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ბრალდებულების ნაწილი, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სხვადასხვა საგნებს ესროდა სამართალდამცავებს, რომლებიც ათონელის ქუჩის გავლით მიემართებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ. მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და სხვადასხვა საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ასევე, საქართველოს პოლიტიკური სისტემის და მისი შემადგენელი კონსტიტუციური ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების დაზიანების მიზნით, ხელისუფლებისადმი უარყოფითად განწყობილმა პირთა წრემ, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა - ირაკლი შაიშმელაშვილმა, 4 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, დაგეგმილ აქციაზე, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა. ბრალდებული შაიშმელაშვილი, ასევე ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა და ხელი არ შეეშალათ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილე პირებისათვის, რათა ამ გზით მიეღწია იმ მიზნებისათვის, რაც მიმართული იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.

ამავდროულად, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა - მარიამ მეყანწიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის აშკარა დაუმორჩილებლობის მიზნით, 4 ოქტომბერს, ათონელის ქუჩაზე ყოფნისას, მოახდინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემდგომი მოქმედებების კოორდინირების, პოლიციის თანამშრომლების დაუმორჩილებლობისა და მათზე ძალადობის მიზნით შეკრებილიყვნენ რუსთაველის გამზირი N21-ში მდებარე ოფისში. აღნიშნულის შემდეგ, ათონელის ქუჩაზე და რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა ძალადობრივი ქმედებები, რა დროსაც მასში მონაწილე პირები, მიზანმიმართულად არბევდნენ, აზიანებდნენ და ცეცხლის წაკიდებით ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნებს და უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე 17 ოქტომბერს დააკავეს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, გია თოლორაიას, გური ჟვანიას, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემურ ქურციკიძეს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა 15 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რაც შეეხება ბრალდებულ მარიამ მეყანწიშვილს სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

ამავე საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულია კიდევ 48 პირი, რომლებსაც ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე წარედგინათ“, - აცხადებენ პროკურატურაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე