რესპუბლიკელი სენატორი მარკუეინ მალინი საქართველოსთვის სანქციების გამკაცრებას ეწინააღმდეგება, მიუხედავად იმისა, რომ „მეგობარი აქტს“ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ გამოცემა „ჰილი“ წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, კანონმდებლები ფიქრობენ, რომ ეს საუკეთესო გზაა პროდემოკრატიული ძალების მხარდასაჭერად, ასევე რუსული, ჩინური და ირანული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
ოკლაჰომელი სენატორი მარკუეინ მალინი კი ეწინააღმდეგება „მეგობარი აქტის“ მიღებას, რომელიც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სანქციებს ითვალისწინებს.
გამოცემის ცნობით, აგვისტოს მიწურულს, „ბოლო წუთს“ მალინმა მოახერხა სენატის უმრავლესობის ლიდერის, რესპუბლიკელი ჯონ ტუნის დარწმუნება, რომ „მეგობარი აქტი“ „თავდაცვის ავტორიზაციის აქტის“ პაკეტიდან ამოიღონ.
მანამდე მალინმა ასევე დაბლოკა სენატში კანონპროექტის განხილვის გარეშე მიღების მოთხოვნა.
როგორც „ჰილი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელი სენატორი რანდ პოლი ასევე ეწინააღმდეგება კანონპროექტს, მალინის წინააღმდეგობა გამორჩეულია.
„ამ კანონმდებლობას მხარს უჭერს ბევრი ადამიანი. ის გასულ წელს NDAA-ში თითქმის შეტანილი იყო. ის ფაქტი, რომ ერთმა სენატორმა შეძლო ამის ჩაშლა, დიდ იმედგაცრუებას იწვევს“, – განაცხადა გამოცემის ანონიმურმა წყარომ.
როგორც გამოცემა იუწყება, მარკუეინ მალინის პოზიცია კითხვებს აჩენს, რადგან მისი ამჟამინდელი პოზიცია ხუთი წლის წინ საქართველოს მთავრობის მიმართ მის მიერ დაკავებული პოზიციებისგან განსხვავდება.
2020 წელს მალინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებდა „ამერიკის მტრულად განწყობილ მეტოქეებსა და მტრებთან“ დაახლოების გამო და ამტკიცებდა, რომ ეს ამერიკული კომპანიებისთვის ქვეყანაში საქმიანობას ართულებდა და საშიშს ხდიდა.
მიმდინარე კვირაში „ჰილთან“ ინტერვიუში მალინმა „მეგობარი აქტისადმი“ წინააღმდეგობის ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან „უკეთესი ურთიერთობა“ დაასახელა.
„მე მესმის, რის მიღწევას ცდილობს „ქართული ოცნება“, ასევე მესმის, რომ არსებობს რუსეთის პირდაპირი გავლენა, რომელიც, ვფიქრობ, მთავრობის შიგნით ვითარებას ურევს. ამიტომ მსურს, რომ მათთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდეს, სანამ სანქციებს დავაწესებთ. მსურს, მათთან ვიმუშაო, რათა ვნახო, როგორ შეუძლიათ ნამდვილი სუვერენიტეტის მოპოვება და რუსეთის ზედმეტად ძლიერი გავლენისგან თავის დაღწევა“, – განაცხადა მარკუეინ მალინმა.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, სენატში „მეგობარი აქტის“ მომხრეები ცდილობენ გზის პოვნას მისი მიღებისთვის, მალინისა და პოლის წინააღმდეგობის მიუხედავად. სენატორმა როჯერ უიკერმა „ჰილს“ განუცხადა, რომ „მეგობარი აქტი“ შეიძლება დაემატოს თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, როგორც შესწორება.
„მეგობარი აქტის“ თანაავტორმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ განაგრძობს მუშაობას რესპუბლიკელებთან სენატში კანონპროექტის მისაღებად.
„კვლავ არსებობს ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერა „მეგობარი აქტისადმი“ საქართველოში გაუარესებული პოლიტიკური სიტუაციის საპასუხოდ და შეთანხმება, რომ მათ, ვინც პასუხისმგებელი არიან საქართველოს დემოკრატიის, ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ჩვენი მრავალწლიანი ორმხრივი ურთიერთობის ხელყოფაზე, პასუხი უნდა აგონ“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.