როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყოველი წარმატება არის საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და „არაუშავს, ბრიუსელი თუ რამეს ვერ დაინახავს, ისევ თავის თავს აზიანებს“.
„ეს არის ის მომენტი, „თუ ადამიანს არ უნდა, რიყეზე ისე გავა, ქვას არ დაინახავს“. საქართველოს წარმატება არის ფაქტობრივად მიმოფანტული ქვებით სავსე რიყე, სადაც ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები გამოდიან, გაიხედებიან, გამოიხედებიან, მაგრამ ხელებს აცეცებენ და არაფრის დანახვა არ უნდათ. აი, ეს მდგომარეობა არის. ამასწინათ მქონდა საუბარი, რომ მეც ჩემი წვლილი მაქვს ამაში შეტანილი - გახსოვთ, რომ სულ რაღაც 2-3 წლის წინ ტერმინოლოგიაში ყველა იყენებდა „აღქმებს“, რომ „არის ასეთი აღქმა საქართველოზე“. თუ დააკვირდებით, მთლიანად ეს ტერმინი პოლიტიკური ლექსიკონიდან მოვასპობინეთ და ფაქტები დავუპირისპირეთ. დღეს ვერავინ ვეღარ საუბრობს, იცით რა, „არსებობს აღქმა, თითქოს ასეა“. თვითონაც ყველა ხვდება, რომ ნებისმიერი ასეთ განცხადებას აღქმებზე, ილუზიებზე და მოლანდებებზე ჩვენ ფაქტებს დავუპირისპირებთ. ეს ტერმინი საერთოდ მოიშთო ქართული პოლიტიკური ლექსიკონიდან რადგან იციან, ნებისმიერ ასეთ მოლანდებას, რასაც გვეტყვიან, ფაქტებს დავუპირისპირებთ. არის ფაქტები, რომელსაც თავად ქმნიან, საკუთარი დაკვეთით ხდება ან თავად აზიარებენ და ეყრდნობიან ამ ანგარიშებს და შეფასებებს. შემდეგ რომ ვეკითხებით აი ფურცელი და ფაქტი, ცაში და ღრუბელში იყურებიან, თითქოს არაფერი სმენიათ და არაფერი მომხდარა. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ არც ბრიუსელისთვის და არცერთი სხვა დედაქალაქისთვის, ამას ვაკეთებთ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. უპირველეს ყოვლისა, ამას ქართველი ხალხი ხედავს. არაუშავს, ბრიუსელი თუ რამეს ვერ დაინახავს, ისევ თავის თავს აზიანებს. ვხედავთ იმ მართლაც საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკას, რომელსაც დღევანდელი ბრიუსელი აწარმოებს. ვხედავთ, რა დამოკიდებულებები აქვთ ბრიუსელის მიმართ დიდ სახელმწიფოებს და შემდეგ პატარა სახელმწიფოზე ცდილობენ, რომ საკუთარი ეგო დაიკმაყოფილონ. შედეგი არის ის, რომ თავის თავს იზიანებენ, მაგრამ ამ ყველაფერს ხედავს ქართველი ხალხი და კიდევ ერთხელ გამოჩნდება 4 ოქტომბერს არჩევნებზე“,- განაცხადა პაპუაშვილმა.