ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ე.წ. სამგორის პარკში, თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, ერეკლე მეორის ძეგლი განთავსდა,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, მონუმენტი თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად გახსნა.
„დღეს მართლაც გამორჩეული დღეა - ჩვენს ქალაქში ვხსნით დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეორის ძეგლს და ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ თბილისი იყო და არის ქართველთა ისტორიული მეხსიერების, ჩვენი ეროვნული იდენტობის კერა. ეს ძეგლი ერთგვარი გზავნილია ჩვენი შვილებისთვის, მომავალ თაობისთვის, რომ საქართველო მარადიულია თავისი ისტორიით, რწმენით, დიდი კულტურით, ღირებულებებით, რომელიც ხან ბრძოლით, ხან შენებით და რაც მთავარია, გონიერი პოლიტიკით დღემდე მოგვიტანეს ჩვენმა წინაპრებმა, დიდმა მეფეებმა. საქართველოს გულში, მის დედაქალაქში ერეკლე მეორის ძეგლის აღმართვა არის ერთგვარი სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცისა და მისი მშვიდობიანი მომავლის. ასევე სიმბოლურია ის ფაქტი, რომ მონუმენტი შეიქმნა მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით, რომლის სხვა ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ყველასთვის საყვარელი ქანდაკება - ერეკლე II -ის ცხენოსანი ძეგლი თელავში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მათივე ცნობით, ნამუშევარი მოქანდაკეების ჯგუფმა ცნობილი მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შექმნა. მონუმენტი, რომელიც ე.წ. სამგორის პარკში ერეკლე II-ის ღვაწლის უკვდავსაყოფად განთავსდა, სივრცეს დამატებით კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ღონისძიებას მოქანდაკეები, არქიტექტორები და სხვა ხელოვანები ესწრებოდნენ.