ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, 2025 წლის იანვარში, 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი.
სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა, მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, 2025 წლის იანვარში, 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი.
ჯამში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განახორციელა 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.
ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯუანშერ ბურჭულაძემ დასახელებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის დამალვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება.
სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
„ჯუანშერ ბურჭულაძემ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, რომლის ლეგალურ წარმომავლობას იგი ვერ დაასაბუთებდა, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად განახორციელა შემდეგი ქმედებები:
2025 წლის იანვარში, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა/შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ. რეალურად კი ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა. ამასთან, დამატებით, გამოიყენა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ დასახელებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის დამალვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება.
ხსენებული მეთოდებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.
ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.“-ნათქვამია განცხადებაში.