თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ, რომლის ოდენობის განსაზღვრასაც მას მიანდობენ.
ამასთან, პროკურატურა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.